შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ოპონენტები აბსოლუტურად მოუმზადებელი არიან არჩევნებისთვის, მათ რაიმე შინაარსობრივი გეგმა არ გააჩნიათ
შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ოპონენტები აბსოლუტურად მოუმზადებელი არიან არჩევნებისთვის, მათ რაიმე შინაარსობრივი გეგმა არ გააჩნიათ

ჩვენი ოპონენტები აბსოლუტურად მოუმზადებელი არიან ამ არჩევნებისთვის, მათ რაიმე შინაარსობრივი გეგმა არ გააჩნიათ, ეს ისედაც ვიცოდით, რომ ისინი ახალს ვერაფერს ვერ შესთავაზებდნენ მოსახლეობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ჩანს, რომ ოპოზიციას არ ჰყავს კანდიდატები, ვერ ითანხმებენ ადამიანებს, რომ იყვნენ მათი მერობის, თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატები.

„ეს არის ოპოზიციის სავალალო მდგომარეობა, რასაც ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით. როდესაც გაყალბებულ არჩევნებზე გექნება კამპანია აგებული, ქვეყანას აჯანჯღარებ თვეების განმავლობაში, ამას ქვეყანა ხედავს, აფასებს და სწორედ ამაზე ვსაუბრობდით, რომ მოხდებოდა მარგინალიზაცია ამ პარტიების და დღეს სწორედ ამას ვხედავთ. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ არის მარგინალიზებული, არანაირი საარჩევნო კამპანია მათ არ აქვთ, არანაირი შინაარსობრივი შეთავაზება ჩვენი მოსახლეობისთვის მათ არ აქვთ და არანაირი კანდიდატებიც არ ჰყავთ, რომ შესთავაზონ მოსახლეობას. რაც შეეხება ჩვენს კანდიდატებს, კონკრეტულად კახა კალაძეზე თუ ვისაუბრებთ, ესეც არის ალბათ ერთ-ერთი ფაქტორი. თბილისში ერთადერთი პრესტიჟის საკითხი იყო „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ვინმე დაესახელებინა და ვნახეთ, რომ ნიკა მელია ჯერ უარს ამბობდა, შემდეგ მაინც დაასახელეს კანდიდატად, მაგრამ მაიცდამაინც რამე შინაარსობრივი შეთავაზება მასაც არ აქვს. ეს ცხადია, რადგან კახა კალაძეს თბილისში კონკურენტი არ ჰყავს. ყველა ვხედავთ, რომ კახა კალაძე არის ამ ქალაქის საუკეთესო მერი. ვხედავთ ამას გამწვანებაზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე თუ ყველა იმ საკითხში, რაზეც მუშაობდა თბილისის მერია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. მე მგონი ჩვენი ოპონენტებიც უკვე აღიარებენ, რომ კახა კალაძე პირველივე ტურში დამაჯერებლად მოიგებს ამ არჩევნებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა გიორგი გახარიას გუნდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმჯობესია, გიორგი გახარიამ ისაუბროს შინაარსზე და ზედაპირული განცხადებები მოსახლეობისთვის საინტერესო არ არის.

„რაც შეეხება გახარიას აქტივობებს, აქაც ერთი რამეა. თუკი დავაკვირდებით, შინაარსი არის ნული, ვხედავთ ოფისების გახსნას, ვხედავთ მუდმივ კინკლაობას თავის ყოფილ გუნდთან და წამოძახებას რაღაც საკითხების, რაღაც ტერმინების მიკერებას, პარტიულ ბოსებზე საუბარს. ეს არ მგონია იყოს ღირსეული საქციელი მისი მხრიდან. „ქართულ ოცნებას“ ვფიქრობ, მისი მხრიდან სასაყვედურო არაფერი აქვს. „ქართულ ოცნებას“ კი მის მიმართ ბევრი საყვედური აქვს. მისი გააქტიურების მთავარი მიზანი იყო, რომ „ქართული ოცნება“ რამენაირად დაზიანებულიყო და ამომრჩეველი წაერთმია „ქართული ოცნებისთვის“. მას შემდეგ, რაც მიშელის შეთანხმება არის ანულირებული და ეს ე.წ. 43-პროცენტიანი ბარიერი აღარ არსებობს, ვფიქრობ რომ ეს შინაარსიც კი დაკარგა გიორგი გახარიას პარტიამ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.