შალვა პაპუაშვილი – ჩვენი მთავარი მოწადინება იქნება, მივიღოთ კანონები, რომელიც თითოეულ მოქალაქეს მოუტანს სარგებელს, ახალმა ინიციატივებმა გვაჩვენა, რომ ძალიან სერიოზულად ვუყურებთ ამ პასუხისმგებლობას

01:45, 16.09.2026

ჩვენ ძალიან აქტიური საშემოდგომო სესია დავიწყეთ. არის ინიციატივები, რომლებიც მნიშვნელოვანია ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას განაცხადა.

„პირველი ინიციატივა შეეხებოდა საპენსიო ფონდში შენატანების არშეტანისთვის ჯარიმების ჩამოწერას, რომელიც შეეხება 13 500 დამსაქმებელს, რომელსაც 43 მილიონი ლარის ჯარიმა ჩამოეწერება. თუმცა პირობა არის, რომ ის, რაც დააკლეს საკუთარ თანამშრომლებს, რომ საპენსიო ფონდში შენატანი არ შეიტანეს, ეს შეიტანონ ბოლომდე, წლის ბოლომდე გაასწორონ ეს დავალიანება და სახელმწიფო შესაბამისად წავა შემხვედრ ნაბიჯზე და ჯარიმა იქნება ამნისტირებული.

მეორე ინიციატივა შეეხება ქონების გადასახადს. საერთოდ ვაუქმებთ 40-ათასლარიან ზღვარს. მხოლოდ 100-ათასლარიანი შემოსავლის ზემოთ იქნებიან მოქალაქეები ვალდებულნი, რომ დაადეკლარირონ საკუთარი ქონება. ჩვენ გვექნება კიდევ ბევრი ასეთი ინიციატივა, რომელიც  მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის და შეეხება თითოეულ ოჯახს ის სარგებელი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებს იმით, რომ შენარჩუნებული გვაქვს მშვიდობა და უსაფრთხოება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ტრამპთაუერ თბილისის“ პროექტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მხოლოდ მშვიდ და უსაფრთხო ქვეყანაში შემოდის ასეთი ბრენდი.

„დღეს დონალდ ტრამპის ვაჟმა, ერიკ ტრამპმა სწორედ ამაზე ისაუბრა. ესეც არის შედეგი, რომ მშვიდ და უსაფრთხო ქვეყანაში შემოდის მხოლოდ ასეთი ბრენდი. ამიტომაც არის, მათთვის საამაყოც არის, რომ ასეთ ქვეყანაში იყოს წარმოდგენილი მათი ბრენდი. ეს არის კიდევ ერთი ბეჭედი იმაზე, თუ რა შედეგი მოაქვს მართლაც გაჯიუტებას იმაში, რომ ჩვენ მშვიდობა და უსაფრთხოება შეგვენარჩუნებინა ჩვენს ქვეყანაში და რომ ეს სიკეთე შევიდეს თითოეულ ოჯახში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახოს ჩვენს მოქალაქეებზე და აისახება კიდევაც. ჩვენ ვუყურებთ უმუშევრობის მაჩვენებლის კლებას, სიღარიბის მაჩვენებლის კლებას, ვუყურებთ საშუალო ხელფასის მატებას (დღესაც გამოქვეყნდა, 2 400 ლარის არის საშუალო ხელფასი). ჩვენ გადავლახეთ 100 ათასი დოლარის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ზე. მნიშვნელოვანი იყო, ეს მაჩვენებელიც გადაგველახა, რომელიც იყო ბალტიის და აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნისთვის, ის ეკონომიკური პარამეტრი, როდესაც ისინი გახდნენ ევროკავშირის წევრები. დღეს ჩვენ რაც გვაქვს, ასეთი ეკონომიკური დონით მიიღეს ისინი მაშინ ევროკავშირში. ასე რომ, ჩვენ აქ ვართ უკვე.

ჩვენი მთავარი მოწადინება იქნება, მივიღოთ კანონები, რომლებიც თითოეულ მოქალაქეს მოუტანს სარგებელს. ვფიქრობ, ამ პირველმა ორმა კვირამ უკვე გვაჩვენა ამ ორი ახალი ინიციატივით, რომლებიც საპენსიო ფონდს და ქონების გადასახადს ეხება, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუყურებთ ამ პასუხისმგებლობას და კიდევ ბევრი ასეთი ინიციატივა იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი