შალვა პაპუაშვილი – ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება, პოლიტიკური ცხოვრება დაუბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ კულტურას და გარედან თავს მოხვეული სიძულვილი შემცირდეს

12:28, 30.06.2026

უხამსობა, ვერბალური თავდასხმა და შეურაცხყოფა არის ის, რაც ხელს უშლის საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ დისკუსიას მნიშვნელოვანია, ქართულმა საზოგადოებამ გარედან აშენებული ბარიერი მოიცილოს და დაუბრუნდეს იმ დისკუსიის კულტურას, რომელიც ახასიათებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სიძულვილის ენა და ვერბალური თავდასხმა გარედან დაფინანსებული და თავს მოხვეული მიდგომებია.

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ საზოგადოება და ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება დაუბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ კულტურას, ეს გარედან თავს მოხვეული სიძულვილი იქნეს შემცირებული. მიზანი არის , რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, იყვნენ საღი საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკუსიის მონაწილეები. ლანძღვა-გინება, უხამსობა, ვერბალური თავდასხმა და შეურაცხყოფა არის ის, რაც ხელს უშლის საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ დისკუსიას, არის ბარიერი ამგვარი მსჯელობისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, ქართულმა საზოგადოებამ გარედან აშენებული ბარიერი მოიცილოს და დაუბრუნდეს დისკუსიის იმ კულტურას, რომელიც ქართულ საზოგადოებას ახასიათებს. ჩვენ ვნახეთ, ვინ ეწინააღმდეგება ამ გზას, ესენი არიან უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ და უცხოური პოლიტიკური აგენტურა საქართველოში, იმუქრებიან სარჩელებით. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ ვინ იყო უხამსი, ლანძღვა-გინებაზე დამკვიდრებული დისკუსიის შემომტანი საქართველოში. ეს არის მთლიანად გარედან თავს მოხვეული და დაფინანსებული მიდგომები, რომლებიც აუცილებელია, მოვიცილოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი