შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ხელისუფლების გარდა, ჩვენი მოქალაქეების ბედი არავის აინტერესებს, ხელებს დაიბანენ და გავლენ, როგორც გასულა ბევრი უცხოელი და მიუტოვებია მათ მიერ უბედურებაში ჩაგდებული ადამიანი
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ხელისუფლების გარდა, ჩვენი მოქალაქეების ბედი არავის აინტერესებს, ხელებს დაიბანენ და გავლენ, როგორც გასულა ბევრი უცხოელი და მიუტოვებია მათ მიერ უბედურებაში ჩაგდებული ადამიანი

მინდა, ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც შეიძლება, აყვება რაღაც საკითხებს და არ აქვთ თვითონ ბოროტი გეგმები, დაფიქრდნენ, მათი ბედი არავის არ აინტერესებს საქართველოს ხელისუფლების გარდა, ხელებს დაიბანენ და გავლენ, როგორც გასულა ბევრი უცხოელი და მიუტოვებია მათ მიერ უბედურებაში ჩაგდებული ადამიანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, უცხოელების დუმილი ახალისებს ძალადობას და ექსტრემიზმს.

„გუშინ 13 ადამიანი დააკავა შსს-მ, არის გაცხადებული, რომ მიდის იდენტიფიცირება იმ ადამიანებისა, რომლებიც იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში, მოხდება მათი დაკავება, გასამართლება და საკმაოდ მაღალი სასჯელი ელოდება ყველას. ეს ადამიანები ციხეში რომ იქნებიან, მათ შორის  იქნება ამ უცხოელების ბრალი და დამსახურება. მათ შორის იმ პრესსპიკერის, რომელმაც 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ისაუბრა.

ევროკომისიის წარმომადგენელს დაუსვეს კითხვა 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით და მხარს ვუჭერთ, სოლიდარობას ვუცხადებთო. რომ აქვთ ასეთი წარმოდგენები, ევროპა ევროპა და ოღონდ ევროპა და ყველაფერზე წამსვლელები არიან, აი ამაზე წავიდნენ საბოლოო ჯამში, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ წავიდნენ და შეიძლება, მათ შორის იმიტომ, რომ იქიდან შეგულიანდნენ და თქვეს, ნახე, იმან განაცხადა, მხარს გვიჭერსო და წავიდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, აღმოჩნდნენ ციხეში. ამაში არის ზუსტად მათი დამსახურება პირადად.

მინდა, ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც შეიძლება, ასე აყვება რაღაც საკითხებს და არ აქვს ბოროტი გეგმები თვითონ, მაგრამ შემდეგ ემოციურად რაღაცებს ყვება, მიყვება ამ გეგმას – დაფიქრდნენ, მათი ბედი არავის არ აინტერესებს საქართველოს ხელისუფლების გარდა, ხელებს დაიბანენ და გავლენ, როგორც გასულა ბევრი უცხოელი და მიუტოვებია მათ მიერ უბედურებაში ჩაგდებული ადამიანი.

თავის დროზე, როცა პოლიციელზე თავდამსხმელი ამაღლობელის მხარდაჭერა იყო, ვთქვი, რომ ეს ხელს შეუწყობს მეტ ძალადობას. გავიდა რამდენიმე დღე და მეორე ადამიანი რუსთაველზე, პარლამენტთან მივიდა პოლიციელთან  და დაარტყა პოლიციელს, მათ შორის გაამართლა ამით. ზუსტად იმიტომ გააკეთა, რომ არავინ არ გაკიცხა მისი ქმედება. ეს ნათქვამი მაქვს მათ შორის უცხოელი ზოგიერთი ელჩისთვის, რომ მათი დუმილით ისინი ახალისებენ ძალადობას და ექსტრემიზმს.

ადრე გერმანიის ელჩმა თქვა, ემპათიის გამო მივედი მოშიმშილე ექსტრემისტ ხოშტარიასთანო. ხომ ემპათიის საკითხია, საქართველოს პრეზიდენტს მათ გადასცეს თავისი რწმუნებათა სიგელი და საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო მათი სიგელი, ეს სიმბოლური აქტი იმ სასახლეში შედგა, ამ სასახლეს თავს დაესხნენ  მოძალადეები, რა პრობლემაა, თქვან რამდენიმე სიტყვა – მიუღებელია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი თავდასხმა, ექვსი სიტყვა რომ თქვან, რა უღირთ. რატომ არ ამბობენ ამას? იმიტომ, რომ ამით ეს არის ირიბი გზავნილი, თქვენი ქცევა სწორია, თქვენ გაქვთ მდუმარე თანხმობა, თქვენ მიდით, თქვენ ხართ ნამდვილი, ჭეშმარიტი ევროპელები, ეს არის ევროპა – მსხვრევა, მტვრევა. სინამდვილეში, რაღაც ნაწილში მართლაც ევროპა გვაჩვენებს, ოღონდ ის ევროპა არა, რომელიც ჩვენ შევუკვეთეთ. ჩვენ გვინდოდა მშვიდობა, განვითარება და კეთილდღეობის ევროპა, ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ იმპორტი მოდის პარიზში ძალადობის და ნგრევის, ამსტერდამში ვიტრინების ნგრევის და ბერლინში ნგრევის ევროპა შემოიტანეს საქართველოში ამის ნაცვლად. ეს ევროპა არ შეგვიკვეთია. შევუკვეთეთ კეთილდღეობა, ჩამოგვივიდა ექსტრემიზმი და ძალადობა. ნურავის იმედი ნუ აქვს, რომ რუსული დეზინფორმაცია და ამ სისულელეთი გააჩუმებს საქართველოს ხელისუფლებას. მივყვებით ბოლომდე, ვიდრე არ მოვისმენთ განმარტებებს, უპირველეს ყოვლისა, დაგმობას საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმისა. ამას გავყვებით ბოლომდე. ყველა უცხოელმა საკუთარ, ასე ვთქვათ, ბარიერს უნდა გადალახოს და ერთხელ მაინც საქართველოში ძალადობა დაგმონ. ერთხელ მაინც დაგმონ მათი მოფერებული ხალხისგან ჩადენილი ძალადობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.