შალვა პაპუაშვილი - ჩვენი მოლოდინია, რომ ევროპული საბჭო მიჰყვება ევროკომისიის პოზიტიურ დასკვნას როგორც საქართველოს, ისე უკრაინისა და მოლდოვის მიმართ
შალვა პაპუაშვილი - ჩვენი მოლოდინია, რომ ევროპული საბჭო მიჰყვება ევროკომისიის პოზიტიურ დასკვნას როგორც საქართველოს, ისე უკრაინისა და მოლდოვის მიმართ

გვაქვს ევროკომისიის პოზიტიური დასკვნა და ჩვენი მოლოდინია, რომ ევროპული საბჭოც მიჰყვება ამ დასკვნას როგორც საქართველოს, ისე უკრაინისა და მოლდოვის მიმართ. მნიშვნელოვანია, ევროპულმა საბჭომ ეს მოლოდინები, რომელიც ჩვენს ხალხებს აქვთ, გაამართლოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ წელს ევროპული საბჭო მიიღებს ნამდვილად ევროპულ გადაწყვეტილებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ის უნდა იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული.

„საქართველო შარშან, ივნისში უსამართლოდ დაიჩაგრა და ის ცალკე იქნა განხილული და მოწყვეტილი „ტრიოს“ დანარჩენ ორ წევრს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაშინაც და დღესაც ვართ ლიდერი მოლდოვასა და უკრაინასთან, ასევე ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით. შარშან საქართველო დაიჩაგრა და იმედი მაქვს, დარწმუნებული ვარ, წელს ევროპული საბჭო მიიღებს ნამდვილად ევროპულ გადაწყვეტილებას. ევროპული გადაწყვეტილება გულისხმობს, რომ გადაწყვეტილება დაფუძნებული იყოს დამსახურებაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო არ უნდა იყოს მძევალი პოლიტიკური დისკუსიისა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს, არამედ საქართველოს მიმართ გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ დამსახურებით და არა ვიღაცის ჯინაზე.

„რაც შეეხება ოპოზიციის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ, შესაძლოა, რომელიმე ქვეყანამ იმის გამო, რომ უნგრეთს, შესაძლოა, ჰქონდეს კრიტიკული დამოკიდებულება რაღაც საკითხის მიმართ, ამის საპასუხოდ საქართველოს საკითხი დაბლოკონ, არ ვიცი, რა წარმოდგენა აქვს ამ ოპოზიციას ევროპაზე, ევროპულ ღირებულებებზე. ჩვენი და ევროკავშირის საერთო ევროპული ღირებულება არ გულისხმობს იმას, რომ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს სხვის ჯინაზე. ეს კამათი ან დისკუსია, რომელიც ევროკავშირში არის, არაა ახალი დისკუსია და ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით. მიუხედავად იმისა, ეს დისკუსია საით მიდის და როგორია, ამან ხელი არ უნდა შეუშალოს არცერთ ქვეყანას, რომ მიიღოს დამსახურებაზე დაყრდნობით გადაწყვეტილება. საქართველო არ უნდა იყოს მძევალი პოლიტიკური დისკუსიისა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება, არსებობდეს. საქართველოს მიმართ გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ დამსახურებით და არა ვიღაცის ჯინაზე. ჩვენ გვაქვს ევროპული კომისიის დასკვნა და რეკომენდაცია. ჩვენი მოლოდინია, რომ თუკი გადაწყვეტილება დამსახურებაზე დაყრდნობით უნდა იყოს მიღებული, მაშინ საქართველოს მიმართ იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება. მე სხვა მოლოდინი არ მაქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.