შალვა პაპუაშვილი – ჩვენი კონსტიტუცია ბევრ რამეს შეგვახსენებს, ამ გაკვეთილებზე დაყრდნობით მოქმედებს ხელისუფლება, რომ არ დავუშვათ გარედან ქვეყნის შიგნით დაპირისპირება, ეკლესიის მიმართ არასათანადო დამოკიდებულება

12:30, 26.06.2026

ბევრ რამე შეგვახსენებს ჩვენი კონსტიტუცია, არა მხოლოდ მისი შინაარსი არამედ მისი მიღების ისტორიაც, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარული სხდომის გახსნისას განაცხადა.

მისივე თქმით,  ხელისუფლების ქმედებები აძლიერებს ქვეყნის სახელმწიფოებრიობას.

„მინდა, მივესალმო მის უწმინდესობას და უნეტარესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო მესამეს. ჩვენთვის დიდი სიხარულია თქვენი ყოფნა კათოლიკოს-პატრიარქის რანგში საქართველოს პარლამენტის სხდომაზე. 2012 წლის 21 ოქტომბერს ჩვენი წმინდა პატრიარქი, ილია მეორე დაესწრო პარლამენტის სხდომას, მაშინდელი პარლამენტის ახალი მოწვევის გახსნის სხდომას, როდესაც მან შეძლო დასწრება პარლამენტის სხდომაზე. ჩვენთვის დიდი სიხარულია, რომ დღეს თქვენ, როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ესწრებით ჩვენს სხდომას. მივესალმები საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მივესალმები კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელებს, მივესალმები თბილისის მერს, ავტონომიების ხელმძღვანელებს, მივესალმები, რა თქმა უნდა,  ჩვენს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს მთავრობას, რომლის მოხსენებაც იქნება დღეს პარლამენტის წინაშე. დღეს, გარდა ამისა, იქნება საგაზაფხულო სხდომის დახურვა და ამიტომ განსაკუთრებით აღმატებულია, ვფიქრობ, დღევანდელი სხდომის განწყობაც, როდესაც ერთად გვექნება შესაძლებლობა, დავხუროთ საპარლამენტო სესია.

თქვენ დღეს მაგიდაზე დაგხვდათ რამდენიმე გამოცემა, გარეთ, პარლამენტის სხდომათა დარბაზის შესასვლელთან, გამოფენილია საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი, 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული კონსტიტუცია და ორიგინალი, რომელზეც არის ხელმოწერა მაშინდელი პარლამენტის ყველა წევრის და საკონსტიტუციო კომისიის წევრების. ეს ორიგინალი ინახება სახელმწიფო არქივში, ჩვენ ვთხოვეთ არქივს და გავაკეთეთ მისი ზუსტი ასლი, სადაც ყველაფერი, ყდის ფერიდან დაწყებული, ქაღალდი და ა.შ. არის ზუსტი ასლი ორიგინალის და დაგირიგდათ თქვენ და ჩვენს სტუმრებს. ეს კონსტიტუცია ჩვენ შეგვახსენებს ბევრ რამეს. უპირველეს ყოვლისა, შეგახსენებს თავის შინაარსს და დღეს განსაკუთრებით ხაზგასასმელი არის კონსტიტუცია, რომელშიც აღინიშნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ისტორიაში, ამ განსაკუთრებული როლის ხაზგასმას მოჰყვა 2002 წელს კონკორდატის ხელმოწერა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის და ეს კონკორდატის ასლიც გამოვეცით და თქვენ დაგირიგდათ.

იცით, რომ 1995 წლის 24 აგვისტოს იქნა მიღებული კონსტიტუცია, 25 აგვისტოს იყო დაგეგმილი კონსტიტუციის ხელმოწერა, თუმცა მაშინ მოხდა ტერაქტი სახელმწიფოს მეთაურზე, მაშინაც გარე ძალების ჩარევით, შიგნით ხელების ფათურით და გარედან ქვეყნის შიგნით დაპირისპირების წაქეზებით მოხდა ტერაქტი, გადაიდო ხელმოწერა და შემდეგ, 17 ოქტომბერს, ამ დარბაზში გაიმართა ხელმოწერის ცერემონია. გარეთ კონსტიტუციის ორიგინალთან ერთად, ასევე იხილავთ კადრებს იმ ღონისძიებიდან, როდესაც მოხდა კონსტიტუციის ხელმოწერა. ამიტომ ბევრ რამე შეგვახსენებს ჩვენი კონსტიტუცია, არა მხოლოდ მისი შინაარსი არამედ მისი მიღების ისტორიაც და სწორედ ამ გაკვეთილებზე დაყრდნობით მოქმედებას დღეს ჩვენი ხელისუფლება, რომ არ დავუშვათ გარედან ქვეყნის შიგნით დაპირისპირება, არ დავუშვათ ეკლესიის მიმართ არასათანადო დამოკიდებულებები და ყველაფერი ეს აძლიერებს საბოლოო ჯამში ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ასევე დაგირიგდათ რეგლამენტის ახალი რედაქციაც, რომელიც პირველი ივლისიდან შევა ძალაში და გარკვეული პროცედურებიც იქნება განახლებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი