შალვა პაპუაშვილი - ჩვენი გადაწყვეტილება იყო შედეგი დამოკიდებულების, რასაც „ევროპის სოციალისტური პარტია“ იჩენდა „ქართული ოცნების“ და საქართველოს მიმართ
შალვა პაპუაშვილი - ჩვენი გადაწყვეტილება იყო შედეგი დამოკიდებულების, რასაც „ევროპის სოციალისტური პარტია“ იჩენდა „ქართული ოცნების“ და საქართველოს მიმართ

ეს იყო შედეგი დამოკიდებულების, რასაც სოციალისტები იჩენდნენ „ქართული ოცნების“ და მთლიანად საქართველოს მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, დატოვონ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი და პარტიასთან დაკავშირებული სხვა გაერთიანებები.

შალვა პაპუაშვილის თქმით, სხვა გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იქნებოდა.

„გაუგებარი შეფასებები მოჰყვა პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას კონფერენციაში, რომელიც ძირითადად ევროპულ ფასეულობებს, ტრადიციებს, ოჯახს ეძღვნებოდა. ტრადიციულად ამაზე დგას ევროპა და ასეთ თემებზე საუბარს მიიჩნევდნენ მათი ღირებულებებისთვის შეუსაბამოდ. ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელია, როცა ასეთი ფასეულობები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამიტომ ალბათ სხვა გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელიც იქნებოდა. სამწუხაროდ, ევროპული ინტეგრაციის პროცესში ვნახეთ, რომ, მიუხედავად პარტიული სიახლოვისა, ჩვენ ვერ ვგრძნობდით იმ მხარდაჭერას, რაც ასეთ შემთხვევაში უნდა გამოიჩინოს ოჯახის წევრმა პარტიამ. ევროპარლამენტის მხრიდან სხვადასხვა რეზოლუცია იქნა მიღებული, რომელსაც სოციალისტების ნაწილმა ზოგჯერ მხარიც კი დაუჭირა. დიდად არც გაუკრიტიკებიათ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან დადასტურებულად იყო დეზინფორმაციული ჩანაწერები, სადაც საუბარი იყო სააკაშვილის გათავისუფლებაზე. ასევე, კეზერაშვილის მოხსენიება ხდება, როგორც მედიამაგნატის, რომელმაც ევროპელი პენსიონერებისგან ფულის თაღლითურად მისაკუთრებით შექმნა თავისი ქონება. ასეთ რეზოლუციებს როცა უჭერენ მხარს და არანაირ პროტესტს არ გამოთქვამენ, ესეც აჩვენებს, რომ სწორი მიდგომა არ ჰქონდათ. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას, პოლიტიკურ ურთიერთობას თანაბარ საწყისებზე. ამ მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ჩვენი პოზიციების ნათლად წარმოჩენას ევროპარლამენტში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.