შალვა პაპუაშვილი - ჩვენი აქცია ბევრად მასშტაბური იქნება, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ოდესმე გამართული აქცია ყოფილა
შალვა პაპუაშვილი - ჩვენი აქცია ბევრად მასშტაბური იქნება, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ოდესმე გამართული აქცია ყოფილა

წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ვიმყოფებით და ამ პროცესის ნაწილია მოსახლეობასთან შეხვედრა. საარჩევნო კამპანიის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი და ნაწილია სხვადასხვა სახის აქციის მოწყობა და საჯარო შეკრება, რაც ამ შემთხვევაში, შემაჯამებელ შეკრებას წარმოადგენს, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ გამართული აქციით, ოპოზიცია დაინახავს, რომ 30 ოქტომბერს მათი მარცხი გარდაუვალია.

„ჩვენს ამომრჩევლებს მოვუწოდებთ, ბევრნი უნდა მოვიდნენ, იმისთვის, რომ 2 ოქტომბერს მოპოვებული გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ. ისე გამოდის, თითქოს, აქციები „ნაციონალური მოძრაობის“ მოგონილია და მარტო მათ აქვთ უფლება საკუთარი მხარდამჭერების შეკრება ჩაატარონ. სჯობს, დასხდნენ, უყურონ აქციას და მიიღონ რეალობა, რაც 30 ოქტომბერს დადგება. ამდაგვარი დამოკიდებულება აჩვენებს, რომ ეს არის შიში იმით, კიდევ ერთხელ ჩახედონ თვალებში მარცხს, რაც 2 ოქტომბრის არჩევნებში იწვნიეს. ამ აქციით დაინახავენ, რომ 30 ოქტომბერს მათი მარცხი გარდაუვალია. ჩვენი აქცია ბევრად მასშტაბური იქნება, ვიდრე მათ მიერ ოდესმე გამართული აქცია ყოფილა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 27 ოქტომბერს 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება პარტიის მხარდამჭერთა შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება.