შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ვართ გონიერი, გააზრებული პოლიტიკის მქონე ევროპის თანაშემოქმედები და არა იმ თავქარიანი პოლიტიკის, რომელიც დღეს ზოგიერთს აქვს ევროკავშირში
შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ვართ გონიერი, გააზრებული პოლიტიკის მქონე ევროპის თანაშემოქმედები და არა იმ თავქარიანი პოლიტიკის, რომელიც დღეს ზოგიერთს აქვს ევროკავშირში

ჩვენ ვართ გონიერი, გააზრებული პოლიტიკის მქონე ევროპის თანაშემოქმედები და არა იმ თავქარიანი პოლიტიკის, რომელიც დღეს ზოგიერთს აქვს ევროკავშირში, ოღონდ სხვის ხარჯზე რომ უნდათ რუსეთთან ომი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ელოდება, რომ ბრიუსელში ვითარება შეიცვლება და საღი აზრის მქონე პოლიტიკური ძალები მოვლენ ხელისუფლებაში.

„ჩვენმა გამოცდილებამ, მათ შორის სხვა დაძაბულ ურთიერთობებში, გვაჩვენა, რომ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომელიც სხვა შემთხვევაში რუსეთთან მიმართებით გვაქვს, საჭიროა ბრიუსელის მიმართულებითაც. ამ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკით მივდივართ. ჩვენ ვხედავთ დღეს არსებულ მდგომარეობას ბრიუსელში. ველოდებით, რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს. მათ შორის ველოდებით არჩევნებს სხვადასხვა ქვეყანაში. ვნახეთ ჩეხეთში არჩევნები, რომ საღი აზრის მქონე ადამიანები მოვიდნენ ხელისუფლებაში ევროკავშირში, რათა მართლაც ეს სიგიჟე, რასაც ჩვენ ვხედავთ, სამწუხაროდ, ბრიუსელის ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან, დამთავრდეს. ეს სიგიჟე იყო აქამდე აშშ-ში, მათ შორის წინა ადმინისტრაცია იყო, ვინც ძირს უთხრიდა ქართულ დემოკრატიას. აბსოლუტურ სიგიჟესთან გვქონდა საქმე, როდესაც ყალბი პარალელური დათვლის შედეგებით ცდილობდნენ ქვეყნის გადატრიალებას 2020 წელს. ეს სიგიჟე დასრულდა ტრამპის გამარჯვებით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს სიგიჟე დასრულდება ევროკავშირში საღი აზრის მქონე ადამიანების და პოლიტიკური ძალების ხელისუფლებაში მოსვლით. ჩვენ ასეთი ევროპის თანაშემოქმედები ვართ. გონიერი, გააზრებული პოლიტიკის მქონე ევროპის და არა იმ თავქარიანი პოლიტიკის, რომელიც დღეს ზოგიერთს აქვს ევროკავშირში, ოღონდ თავის ხარჯზე კი არ უნდა, სხვის ხარჯზე რომ უნდათ რუსეთთან ომი. ევროკავშირის ერთი ჯარისკაცი არ დგას უკრაინაში. ხომ ამბობენ, რომ ეს არის ევროკავშირის ომი, მისი წინა ხაზი, გვაჩვენონ ევროკავშირის გაგზავნილი ერთი ჯარისკაცი უკრაინაში. რატომ კვდებიან იქ უკრაინელები და რატომ არ კვდება იქ ევროკავშირის ჯარისკაცი, თუ ეს ევროპის ომია? დანარჩენ მსოფლიოს და ჩვენც გვაჯერებენ, რომ ეს ჩვენი საერთო ომია. ჩვენ სადაც ვთქვით, რომ არის ჩვენი ომი, ყველგან ვიომეთ, მათ შორის ავღანეთშიც ვიომეთ. ვთქვით, რომ ეს არის ჩვენი ომი საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვის და იქ ვიომეთ, არ ვიმალებოდით, როგორც ბალტიის ქვეყნის წარმომადგენლები, 20 და 30 კაცი რომ ჰყავდა იქ, ჩვენ 1 000 კაცი გვყავდა, კონტინგენტი ავღანეთში. დღეს ახლა გვასწავლიან ბალტიის წარმომადგენლები, რა არის მამაცობა.

ამ მხრივ მნიშვნელოვანია ანგელა მერკელის ინტერვიუ, რომელიც გუშინ გავრცელდა, სადაც მან პირდაპირ ისაუბრა, რა ხდებოდა ომის წინ. ყველას შევახსენებ, ანგელა მერკელი 2021 წლის დეკემბერში წავიდა ხელისუფლებიდან, ანუ ომამდე ორი თვით ადრე და ამ ისტორიას ყვება, ანუ, ისტორია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებამდე ორი თვით ადრე იყო, რომ მას ჰქონდა მცდელობები მოლაპარაკების სპეციალური ფორმატისა ევროკავშირსა და რუსეთს შორის და ბალტიის სამმა ქვეყანამ და პოლონეთმა ეს მცდელობები ჩაშალა, რადგან ჰქონდათ შიშები, რომ არ იქნებოდა პროექტი. ჩაშალა, რის ხარჯზე? უკრაინაში დაწყებული ომის ხარჯზე. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაც თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, რომ უკრაინაში ომი არის პროქსი ომი, ანუ მარიონეტის ხელით წარმოებული ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის და ეს არის ომის პოლიგონი, სადაც დასავლეთი და რუსეთი ერთმანეთს ებრძვიან. ზუსტად ამაზე საუბრობს ანგელა მერკელი, ეს ხომ არ არის ჩვენი ნათქვამი. ადამიანი იყო ევროკავშირის ლიდერი. ულიდეროდ არის დღეს დარჩენილი ევროკავშირი. თუ ვინმე იყო ლიდერი, სწორედ ანგელა მერკელი იყო ევროკავშირის ლიდერი, რომელიც ამბობს, რომ ომი შესაძლოა, არ ყოფილიყო, მაგრამ ამას ხელი შეუშალეს კონკრეტულმა ქვეყნებმა. როგორც ჩანს, იყო სურვილი, სულ მცირე, ყველამ იცოდა, რომ ომი მოდიოდა, მათ შორის ჩვენ ვიცოდით, რომ ომი მოდიოდა, რომ ომი იდგა ჩვენ კართან, უკრაინას ვგულისხმობ და მათ შორის ჩვენ კართან, რადგან ყველამ იცოდა, რომ იქ თუ ომი დაიწყებოდა, აუცილებლად აქ იქნებოდა მეორე ფრონტის ინტერესი. ყველამ იცოდა, რომ ომი მოდიოდა და ნაცვლად იმისა, რომ ყველა ზომა გამოეყენებინათ ომის თავიდან არიდებისა, ვნახეთ, ანგელა მერკელი ამბობს, რომ ბალტიის ქვეყნებმა და პოლონეთმა ჩაშალეს შანსი ომის თავიდან აცილებისა. ასე რომ, დღეს ესენი ესაუბრონ უკრაინას, დღეს რომ ომშია და ჩიხში რომ დგას. არც ომი შეუძლია და არც მშვიდობა. ვერც ომით აღწევს თავის მიზანს და ვერც მშვიდობა შეუძლია, რადგან იქაც კატასტროფული დათმობები უწევს, ფაქტობრივად, ჩიხშია იმ მხრივ, რომ აღარც ომი შეუძლია, აღარც მშვიდობა. ასე შეყურებენ ახლა და არის ეს ყველაფერი ამის იმედად. ეს სცენარი იყო ზუსტად გამზადებული საქართველოსთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.