შალვა პაპუაშვილი - ჩვენ დიდი ხნის წინ გვაქვს დაწესებული შეზღუდვები, რაც ახლა სხვა ქვეყნებს შემოაქვთ რუსეთის მიმართ, შეიძლება, აქეთ გვიერთდებიან რაღაც საკითხში
შალვა პაპუაშვილი - ჩვენ დიდი ხნის წინ გვაქვს დაწესებული შეზღუდვები, რაც ახლა სხვა ქვეყნებს შემოაქვთ რუსეთის მიმართ, შეიძლება, აქეთ გვიერთდებიან რაღაც საკითხში

სამი კვირა გავიდა და რასაც ვამბობდით, აღმოჩნდა, რომ ამ საკითხში ბევრი გვეთანხმება. საქართველოს არ შეუძლია, რუსეთს რაიმე ისეთი ეკონომიკური სანქცია დაუწესოს, რაც მხოლოდ საკუთარ თავს ავნებს და რუსეთს ვერაფერს. ეს ყველასთვის ცხადია და კარგია, ამას ოპოზიციაც რომ აცნობიერებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით საუბარია სამხედრო მრეწველობაზე ვაჭრობის შეზღუდვაზე, საქართველოს კი, „რუსეთთან სამხედრო მრეწველობაზე არანაირი ვაჭრობა არ აქვს“.

„სანქციებს რეალური დატვირთვა ვერ ექნება და მხოლოდ ერთადერთი შედეგი ექნება, რომ ეს განსაკუთრებით დრამატულად აისახება ჩვენს მოსახლეობაზე. ელჩების განცხადება იმას მოწმობს, რომ საქართველოს მხრიდან ისეთი აქციონიზმი იყოს, რომელიც საბოლოო ჯამში შედეგს არაფერს მოიტანს, სანქციას კი, შედეგი უნდა ჰქონდეს. საქართველო არ აპირებს, რაიმე სახის სანქციები დააწესოს. სხვადასხვა ქვეყნისა და ორგანიზაციის მხრიდან სანქციებია დაწესებული, რაც გარკვეულ საკითხებში გავლენას ჩვენზეც ავლენს. რაღაც საკითხებში ამის ავტომატურად მონაწილეები ვართ ისე, რომ ამაში ჩართული ვერც ვიქნებით. სვიფტთან დაკავშირებით არც კი გვაქვს ბერკეტი. სანქციებში არც არაფერია, რასაც შეიძლება საქართველო მიუეთდეს, ან – არა. ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა შეზღუდული გვაქვს და რაიმე დამატებითზე საუბარი რთულია. თუ სანქციებს ჩახედავთ, საუბარია სამხედრო მრეწველობაზე ვაჭრობის შეზღუდვაზე. ჩვენ რუსეთთან სამხედრო მრეწველობაზე არანაირი ვაჭრობა არ გვაქვს. ჩვენი მხრიდან სანქციებზე მიერთება არარელევანტური სწორედ იმიტომ არის, რომ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა ან ბერკეტი არ გვაქვს, რომლის შეზღუდვა თუ შეწყვეტა რაიმე გავლენას მოახდენდა. ისეთი შეზღუდვებია, არც კი შეგვიძლია, რამენაირად მისი მონაწილე ვიყოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს რუსეთთან შეზღუდვა აქვს დაწესებული „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის სახით, რომელიც მოქმედებს.

„ამ დისკუსიაში კონკრეტულს ვერავინ ვერაფერს ამბობს. საუბარი იყო ცის ჩაკეტვაზე და ოპოზიციამ თავად უარყო იდეა, რადგან ტრანზიტად სომხეთისთვის გამოიყენება და მათ თავად თქვეს, ჩვენი მხრიდან სომხეთის მიმართ არ იქნებოდა მეგობრული ნაბიჯი სომხეთისთვის ცა ჩაგვეკეტა. კონკრეტულზე არაფერზე საუბრობენ. შეზღუდვები, რომელიც ახლა სხვა ქვეყნებს შემოაქვთ – მიმოსვლის შეზღუდვა თუ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, ჩვენ ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ გვაქვს გაკეთებული. ისე უნდა შევხედოთ, რომ შეიძლება, ჩვენ აქეთ გვიერთდებიან გარკვეულ საკითხში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.