შალვა პაპუაშვილი - ჩვენ დღეს ვიმყოფებით ექსტრაორდინალურ ვითარებაში და ეს ვითარება არის სწორედ ომი, რომელიც უკრაინაშია და, რომელიც, დაკავშირებულია საქართველოს უსაფრთხოებასთან
ჩვენ დღეს ვიმყოფებით ექსტრაორდინალურ ვითარებაში და იმედია, ამას ყველა ვაცნობიერებთ, ეს ექსტრაორდინალური ვითარება არის სწორედ ომი, რომელიც უკრაინაშია და, რომელიც, დაკავშირებულია საქართველოს უსაფრთხოებასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის კონსოლიდაცია და აღნიშნა, რომ კონსოლიდაცია საჭიროა სახელმწიფო ინსტიტუტების გარშემო.
„ჩვენ დღეს ვიმყოფებით ექსტრაორდინალურ სიტუაციაში და იმედია, ამას ყველა ვაცნობიერებთ. ეს ექსტრაორდინალური სიტუაცია არის სწორედ ის ომი, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში და, რომელიც, დაკავშირებულია საქართველოს უსაფრთხოებასთან. ამას საუბრობდა მამუკა მდინარაძე და ამის ხაზგასმას ცდილობს ყველა კოლეგა, მათ შორის ოპოზიციონერი კოლეგებიც, თუ რა მნიშვნელობა აქვს დღეს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვინაიდან ვხედავთ, რა ძალასთან და რა შედეგებთან გვაქვს საქმე. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის კონსოლიდაცია. ამავე დროს, კონსოლიდაცია სახელმწიფო ინსტიტუტების გარშემო. მთავრობა გახლავთ ის კონსტიტუციური ორგანო, რომელიც წარმართავს როგორც ქვეყნის შიდა, ისე საგარეო პოლიტიკის საკითხებს და მნიშვნელოვანია სწორედ მხარდაჭერა და კონსოლიდაცია მთავრობის გარშემო და არა დისკრედიტაცია, რასაც სამწუხაროდ, ვხედავთ ხოლმე ზოგიერთი ჯგუფების მხრიდან.
ამ მხრივ თუ შევხედავთ ჩვენი მთავრობის საქმიანობას, ერთი – ეს არის მნიშვნელოვანი სიმტკიცე უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაში. იცით, რომ გუშინწინ გაერო-ში საქართველოს თანაავტორობით მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომელიც ამ აგრესიას გმობს და არაერთხელ გვითქვამს სხვა ფორმატებში, მათ შორის დღესაც. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი იმყოფება პარიზში, სადაც იმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საქმეთა საკითხების კომიტეტების თავმჯდომარეების კონფერენცია, რომელზეც მიწვეული გახლავთ საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეც. აქ შემუშავებულ იქნა განცხადება, რომელსაც შესაბამისად მიუერთდება საქართველოც. ამას ვგულისხმობ, რომ პოლიტიკურ მხარდაჭერას რაც შეეხება, ჩვენი მთავრობა არის მტკიცე უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაში.
მეორე – ეს გახლავთ ჰუმანურობა, რაც ჩანს იმით, რომ ჩვენ ყურადღება მივაქციოთ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც დარჩენილი არიან საქართველოში. იცით, რომ საქართველოს მთავრობა ზრუნავს მათ განთავსებაზე, ასევე მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა ლტოლვილების მიღებაზე, თუკი ამის საჭიროება იქნება. ამასთან, საქართველოს მთავრობამ უკვე გააგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი და მზად არის, ეს დახმარება გააგრძელოს. ამიტომ, ჰუმანურობა არის მნიშვნელოვანი.
მესამე – ეს გახლავთ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციების კიდევ უფრო წარმოჩენა. გუშინ საქართველოს პრემიერმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი და სწორედ ეს გახლავთ უკვე საერთაშორისო კუთხით საქართველოს მთავრობის მოქმედება. ბოლოს, მთავარი ამოცანა, რაც ყველას უნდა გვქონდეს, პოლიტიკოსს, თითოეულ მოქალაქეს, მთავრობასა და ხელისუფლებას, მის ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, ეს არის სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში, ვინაიდან ვხედავთ, ჩვენ ვართ ისეთ მდგომარეობაში, სადაც განსაკუთრებით გაზრდილია რისკები. ვხედავთ, რომ ადვილია პროვოკაციები. აქედან გამომდინარე, ამ სიმშვიდის შენარჩუნება გახლავთ ჩვენი ყველას ვალდებულება და პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობით უნდა ვუყუროთ ყველაფერს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, რაც შეეხება პარლამენტში არსებულ განწყობებს, პაპუაშვილის განცხადებით, „თავისთავად, ის უნდობლობა, რომელიც არის პარტიებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, ეს არ არის ახალი“.
„აქ არის ერთადერთი საკითხი და მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მინდა, მათ შორის მამუკა მდინარაძის სიტყვებსაც გამოვეხმაურო. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა ამ მომენტში ერთობა, მაგრამ შეიძლება, ეს არ არის ის მომენტი, როდესაც ადვილი იყოს ამ ერთობის პოვნა. აქ ახლა რაც არის მნიშვნელოვანი, ეს არის კონსოლიდაცია. არ შეიძლება თანხმობა ყველაფერზე, არამედ კონსოლიდაცია, იმის გათვალისწინება, რომ ასეთ ექსტრაორდინალურ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, დემოკრატიას მივანდოთ მათ შორის ჩვენი საკითხები, დემოკრატია კი გულისხმობს წარმომადგენლობას პარლამენტში, გულისხმობს არჩეულ მთავრობას და შესაბამისად, კონსოლიდაცია უნდა იყოს ჩვენი მთავრობის გარშემო. აქედან გამომდინარე, მე კიდევ ერთხელ მინდოდა ხაზი გამესვა, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენ ეს პერიოდი ერთობით და სიმშვიდით გავატაროთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.