შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ამოვდივართ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან, კანონმდებლობა ყოველდღე ირღვევა იმით, რომ ქართული პარტიები სხვადასხვა ფონდიდან ფარულად ფინანსდება
შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ამოვდივართ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან, კანონმდებლობა ყოველდღე ირღვევა იმით, რომ ქართული პარტიები სხვადასხვა ფონდიდან ფარულად ფინანსდება

საქართველოს კანონმდებლობა ყოველდღე ირღვევა იმით, რომ სხვადასხვა ფონდის მხრიდან ქართული პარტიების ფარული დაფინანსება ხდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„ჩვენ ამოვდივართ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან. როდესაც ხდება პოლიტიკური ჯგუფების ფარული დაფინანსება, ამ დღეებში რომ იყო საუბარი „მთავარის“ დაფინანსებაზე, გრანტი მიიღო, როგორც ჩანს, თუ გრანტს იღებს ტელევიზია „მთავარი“. ტელევიზია „მთავარი“ არის პარტიული პროპაგანდის რუპორი და ინსტრუმენტი. ჩახედეთ, ვინ არიან აქციონერები და მიხვდებით. სხვათა შორის, გუშინ ბატონმა გვარამიამ თქვა კიდეც, რომ ტელეპარტია აქვს კიდევაც „მთავარის“ სახით. ტელეპარტიაც კი უწოდა. რა თქმა უნდა, ასეთი დაფინანსება უცხოეთიდან გულისხმობს, რომ ეს დაფინანსება, საბოლოო ჯამში, მიემართება პარტიულ დაფინანსებაში, პარტიის ხელშეწყობაა. ასეთი რაღაცები რომ ხდება, წარმოგიდგენიათ, რომ ერთი ქვეყანა მეორეში აფინანსებდეს პარტიას? აკრძალულია ყველა ქვეყანაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ამოსავალი წერტილი არის საქართველოს კანონმდებლობა.

„საქართველოს კანონმდებლობა ყოველდღე ირღვევა იმით, რომ სხვადასხვა ფონდის მხრიდან ქართული პარტიების ფარული დაფინანსება ხდება. ეს დარღვევა უნდა აღმოიფხვრას და არ მგონია, კანონის უზენაესობის წინააღმდეგ იყოს ევროკავშირის რომელიმე პოლიტიკოსი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნება“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ხელახლა წარადგენს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – კანონპროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვლება და წარდგენილი იქნება შემდეგი ვარიანტი: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.