შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჩინეთის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილეს, ჩენ ჭოუსა და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესს. აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმებით საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში ახალი ერა იწყება.

„ხაზი გაესვა წარმატებულ მაღალი დონის ვიზიტებს, ასევე, საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას.

შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოს პარლამენტსა და ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესს შორის კავშირები. აღინიშნა სექტორულ კომიტეტებსა და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთგაცვლების მნიშვნელობა.

ჩენ ჭოუმ აღნიშნა, რომ საქართველოს კარგი შედეგები აქვს ეკონომიკური განვითარების, ბიზნესგარემოს ხელშეწყობის კუთხით. მისი თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს საერთაშორისო და რეგიონულ საქმეებში, ასევე, ვაჭრობის შუა დერეფნის წარმატებულ განხორციელებაში. მან ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივისადმი საქართველოს ინტერესისთვის და გამოხატა სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზაობა.

მხარეებმა დაადასტურეს ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.