შალვა პაპუაშვილი – ჩინეთის მხრიდან არასოდეს ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, როგორიც ბრიუსელიდან, ჩინეთთან თანამშრომლობა თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის ეფუძნება
გეოგრაფიული ზომის, ეკონომიკური ზომის, პოლიტიკური ზომისა და გავლენის სხვაობის მიუხედავად, ჩინეთის მხრიდან არასოდეს ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, როგორსაც ბრიუსელიდან მხრიდან ვხედავთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია ქვეყნის ძლიერი პოზიციები როგორც რეგიონში, ისე გლობალურ პარტნიორებთან.
„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტი რეგიონში და, მათ შორის, საქართველოში, იმის დასტურია, რომ საქართველო წინ მიდის და ძლიერდება. ეს სწორედ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია – საქართველო ძლიერ პოზიციებს იკავებს როგორც რეგიონში, ისე გლობალურ პარტნიორებთან ურთიერთობაში. ეს სწორედ დასტურია ჩვენი წარმატებული პოლიტიკის. მეორე მხრივ, ეს ჩინეთის განსაკუთრებულ პარტნიორულ დამოკიდებულებას აჩვენებს სხვა ქვეყნების მიმართ.
გეოგრაფიული ზომის, ეკონომიკური ზომის, პოლიტიკური ზომისა და გავლენის სხვაობის მიუხედავად, ჩინეთის მხრიდან არასოდეს ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, როგორსაც ბრიუსელიდან მხრიდან ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ თანასწორობისა და პარტნიორობის პრინციპებზე დამყარებულ ურთიერთობას, განსხვავებით ბრიუსელისგან, რომელიც ცდილობს, ყოველთვის ქედმაღლურად, ჭკუის სწავლებით და საქართველოსა და ქართველი ხალხის დაკნინებულად წარმოდგენით, თითქოს ვინმეზე ნაკლები ვიყოთ, თავს მოგვახვიოს, სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილება.
ჩინეთის შემთხვევაში თანამშრომლობას ვხედავთ, რომელიც განსაკუთრებულად თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპს ეფუძნება. პეკინში ჩემი ვიზიტის დროსაც ყველა შეხვედრა სწორედ ამ განწყობით იყო. სწორედ ასე ვხედავთ საერთაშორისო ურთიერთობებს და ამ მხრივ სანიმუშოა ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა, რომელმაც უკვე სტრატეგიული ხასიათი შეიძინა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ უხარია ოპოზიციას საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობა, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლების წარმატებას აჩვენებს.
„რადიკალურ ოპოზიციას გარედან დავალება აქვს მიღებული, რომ საქართველო წარმოაჩინოს ისე, რომ ევროკავშირის ცალკეულ, მარგინალურ წევრ ქვეყანაზე დამოკიდებული უნდა ვიყოთ და იქიდან რა დაკვეთაც შემოვა, ის უნდა აასრულოს ქვეყანამ და იყოს ინსტრუმენტი სხვის ხელში. ბოლო ოთხი წელია, ცდილობენ, რომ საქართველო ინსტრუმენტად გამოიყენონ იმ ომის პირობებში, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ბრიუსელის მთავარი პრობლემა ისაა, რომ საქართველოს რუსეთის კონტექსტში ხედავს. ჩვენ არ აღგვიქვამენ როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას ჩვენი მიზნებით, ჩვენი მომავლისკენ სწრაფვით. ჩვენ გვხედავენ რუსეთის კონტექსტში, რა შეიძლება და როგორ შეიძლება გამოგვიყენონ.
დღეს აბუ დაბიში მოლაპარაკება დაიწყება. ევროკავშირი ბევრს ლაპარაკობს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იყოს, ვხედავთ, რომ ისინი იქ არ იქნებიან. ეს შედეგია იმ უმწიფარი და წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკის, რომელსაც ევროკავშირის მოქმედი ხელმძღვანელობა აწარმოებს. საბოლოო ჯამში ის მიიღეს, რომ დედამიწის ზურგზე დიდი სახელმწიფო არ დარჩა, რომელიც ევროკავშირს ანგარიშს უწევს. ვხედავთ, რომ დღეს ევროპის უსაფრთხოებაზე საუბარი ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე იქნება. საკუთარი უმწიფარი პოლიტიკით ეს შედეგი მიიღეს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მათ საგარეო პოლიტიკურ რჩევებს ბრმად არ ავყვეთ, რადგან, საბოლოო ჯამში, იქ მიგვიყვანენ, სადაც თავად მივიდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.