შალვა პაპუაშვილი - ჩიჩხიტურთან და ქედთან გავლებული მონაკვეთი ისტორიულადაც და სამართლებრივადაც საქართველოს ტერიტორიაა, მოლაპარაკებისას ამ პოზიციაში მყარად თუ არ ხარ, შედეგიც ცუდი იქნება
შალვა პაპუაშვილი - ჩიჩხიტურთან და ქედთან გავლებული მონაკვეთი ისტორიულადაც და სამართლებრივადაც საქართველოს ტერიტორიაა, მოლაპარაკებისას ამ პოზიციაში მყარად თუ არ ხარ, შედეგიც ცუდი იქნება

ჩიჩხიტურთან და ქედთან გავლებული მონაკვეთი საქართველოს ტერიტორიაა, არა მხოლოდ ისტორიულად, არამედ სამართლებრივადაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა დავით გარეჯთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესში თუ თავად მყარად არ დგახარ საკუთარ პოზიციაზე, შედეგიც ცუდი იქნება.

„დავით გარეჯის საკითხზე სისხლის სამართლის საქმე და ამ საკითხის პოლიტიკური ნაწილი უნდა გავმიჯნოთ.

სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით კომპეტენტურია პროკურატურა და სასამართლო. კარგია რომ გამოძიება მალე დასრულდა. იმედი მაქვს, პროცესი მალე დასრულდება და საზოგადოება გაიგებს, ჰქონდა თუ არა ადგილი სისხლის სამართლის დანაშაულს.

რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს და მათ შირის განცხადებას, რა არის ჩვენი და რა – არა, ამაზე საერთაშორისო ექსპერტიზა, რომელიც ჩაუტარდა იმ ხელშეკრულებებს თუ რუკებს, ამბობს რომ არსებული დოკუმენტაციით, საქართველოს ძალიან ძლიერი პოზიციები აქვს. სამწუხაროდ, მოლაპარაკებების დროს ეს ძლიერი პოზიციები გამოყენებული არ იყო. ასეთი ტიპის განცხადებები სხვა დროსაც მოგვისმენია პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ამბობენ: „იცით რა, ეს ტერიტორიები მთლად ჩვენიც არ არის და შეიძლება, სხვისია“. ეს ჩვენთვის მიუღებელია. ჩიჩხიტურთან და ქედთან გავლებულ მონაკვეთთან დაკავშირებით ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი პოლიტიკური გუნდის და მათ შორის, სამართლებრივი პოზიცია საკმაოდ ნათელია. ეს არა მხოლოდ ისტორიულად, არამედ სამართლებრივადაც საქართველოს ტერიტორიაა. ამიტომ სამართლებრივი კითხვის ნიშანი არ არის. საზღვრების დელიმიტაცია- დემარკაცია მოლაპარაკებების საკითხია და ურთიერთშეთანხმებაა საჭირო, თუმცა მონაკვეთთან დაკავშირებით, რომელზეც ყველა ვსაუბრობთ, რაიმე კითხვის ნიშნის დასმა შეუძლებელია.  პოზიცია შეიძლება ერთადერთი იყოს, რომ ის, რაც ისტორიულად და სამართლებრივადაც არის საქართველოს ტერიტორია, ამას მყარად ვიცავდეთ. თუ ამ პოზიციაში თავად არ ხარ მყარი, როცა ამ მოლაპარაკებებს აწარმოებ, შედეგიც ცუდი იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ამ საკითხში საქართველოს ყველა ასპექტით ძლიერი პოზიცია აქვს.

„რუკებიც ჩვენს სასარგებლოდაა. ასეთი მოლაპარაკებების დროს მხოლოდ რუკები არ არის გადამწყვეტი. საერთაშორისო ექსპერტიზამ აქ სხვადასხვა ასპექტი გაითვალისწინა, მათ შორის ისტორიული საკუთრება, ისტორიული ძეგლების არსებობა ამა თუ იმ ტერიტორიაზე და ა.შ. ყველა ამ ასპექტით საქართველოს ძლიერი პოზიცია აქვს და ნებისმიერი განცხადება ამასთან დაკავშირებით ამ პოზიციის შესუსტების მცდელობაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.