შალვა პაპუაშვილი – ცდილობენ, მოარღვიონ ყოველგვარი კულტურული ხერხემალი, უნდათ, ავტორიტეტი იყოს რასა იუკნევიჩიენე, მისი სიტყვა იყოს დასაჯერებელი და არა ნოდარ დუმბაძის და სხვა კლასიკოსების
ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომლის მიზანია ავტორიტეტების გაქრობა, როდესაც ავტორიტეტი, მისაბაძი ადამიანები აღარ ჰყავს საზოგადოებას, შემდეგ რასა იუკნევიჩიენეს დონის ადამიანი წარმოჩნდება მთავარ ავტორიტეტად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სიძულვილის და ზიზღის ენა გარედან თავს მოხვეულია.
„ყველა უკვე კარგად ხედავს, რომ სიძულვილი, ზიზღის ენა, დაპირისპირება არის ის, რასაც ცდილობენ, გარედან თავს მოგვახვიონ. ეს არის ბოლო იარაღი, რომელსაც იყენებენ ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. სხვა მხრივ რახან ვერ მოგვერივნენ, ცდილობენ, ადამიანები ერთმანეთს დააპირისპირონ. სახელმწიფო და საზოგადოება გარედან სიძულვილის მხარდაჭერასა და წაქეზებას წინ უნდა აღუდგეს.
ცდილობენ ავტორიტეტების შებღალვას. მიზანიც არის ასეთი და პერიოდულადაც ვხედავთ, ხან ერეკლე მეფეზე იყო თავდასხმები, ახლა ნოდარ დუმბაძე ამოიღეს მიზანში. თავს ესხმიან ჩვენს საამაყო ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებული არიან ერის იდენტობის განსაზღვრისთვის, ღირებულებების ჩამოყალიბებისთვის. ეს არ არის შემთხვევითი, ზუსტად ირჩევენ სამიზნეებს. აქაც უნდა დავინახოთ მიზანი, რომ მოარღვიონ ყოველგვარი კულტურული ხერხემალი, აღარ უნდა იყვნენ ავტორიტეტები, ავტორიტეტი უნდა იყოს რასა იუკნევიჩიენე, მისი სიტყვა იყოს დასაჯერებელი, მისი ღირებულებები იყოს ქართველი ხალხის ღირებულებები და არა ნოდარ დუმბაძის და სხვა კლასიკოსების. ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომლის მიზანია ავტორიტეტების გაქრობა. როდესაც ავტორიტეტი, მისაბაძი ადამიანები აღარ ჰყავს საზოგადოებას, შემდეგ რასა იუკნევიჩიენეს დონის ადამიანი წარმოჩნდება მთავარ ავტორიტეტად. ეს არის ჩანაფიქრი და ამას უნდა აღვუდგეთ წინ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.