შალვა პაპუაშვილი - ცდილობდნენ, ქართველი ხალხის ევროკავშირის მიმართ კრიტიკა ბულინგით გაეჩუმებინათ, თუ კაი ბიჭები არიან, ახლა გააჩუმონ აშშ და სცადონ იგივე სამარცხვინო მეთოდები
შალვა პაპუაშვილი - ცდილობდნენ, ქართველი ხალხის ევროკავშირის მიმართ კრიტიკა ბულინგით გაეჩუმებინათ, თუ კაი ბიჭები არიან, ახლა გააჩუმონ აშშ და სცადონ იგივე სამარცხვინო მეთოდები

ცდილობდნენ, პოლიტიკური ბულინგით გაეჩუმებინათ ის კრიტიკა, რომელიც ქართველი ხალხისგან ისმოდა ევროკავშირის მიმართ. თუ კაი ბიჭები არიან, ახლა გააჩუმონ აშშ და იქ სცადონ იგივე სამარცხვინო მეთოდები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ვიტანთ ევროკავშირის მხრიდან ზეწოლას, თავდასხმებს და დღეს ეს ყველაფერი უკვე მხილებულია“.

„ზოგიერთს ჰგონია, პატარები რომ ვართ, ყველაფრის დაბრალება შეიძლება. საქმე საქმეზე რომ მიდგა და დიდთან, აშშ-თან გაუხდათ საქმე დასაჭერი, ვხედავთ, რა სცენა დაიდგა აშშ-ის პრეზიდენტის ოვალურ კაბინეტში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი მაგიდასთან იჯდა, ხოლო მეორე მხარეს ჩამწკრივებული იყვნენ ევროპელი ლიდერები. ვფიქრობ, ეს ფოტო ყველაზე კარგად ასახავს, სად მიიყვანეს ევროპელმა ლიდერებმა ორგანიზაცია, რომელსაც 500 მილიონი მოქალაქე ჰყავს, ერთ დროს იყო მსოფლიოს მესამე ეკონომიკა – 25% ჰქონდა და დღეს არის ჩამოსული 14%-15%-მდე. ამაში ერთადერთი დამნაშავე არის ევროკავშირის ხელმძღვანელობა, როგორც ლიდერშიპი, ისე ლიდერები ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებში, რომლებსაც რეალური პოლიტიკური გავლენა აქვთ ევროკავშირზე.

ევროკავშირი რომ ცდილობდა ჩვენს გაჩუმებას, რათა კრიტიკა არ გასულიყო მათ მოქალაქეებში, ანტიდემოკრატიულობას და ანტიევროპულობას გვაბრალებდნენ. ეს იყო ოპონენტის გაჩუმების ჩვეულებრივი ტაქტიკა. ცდილობდნენ, პოლიტიკური ბულინგით გაეჩუმებინათ ის კრიტიკა, რომელიც ქართველი ხალხისგან ისმოდა ევროკავშირის მიმართ. ახლა თუ კაი ბიჭები არიან, ახლა გააჩუმონ აშშ და იქ სცადონ იგივე სამარცხვინო მეთოდები, რასაც ქართველი ხალხის წინაშე იყენებდნენ. რამდენიმე წელია, ამაზე ვსაუბრობთ, ამ მხილების გამო ვიტანთ ზეწოლას და თავდასხმებს ევროკავშირის მხრიდან და დღეს ეს ყველაფერი უკვე მხილებულია. ვეღარავინ ბედავს, მათ შორის, ჩვენ შეგვეწინააღმდეგოს. რამდენიმე დღეა, ამაზე ვსაუბრობთ. ვინმე გაგიგონიათ, ჩვენ გავეკრიტიკებინეთ? იციან, იტყვიან რაღაცას, გადავამისამართებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ელაპარაკონ მერე მათ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმს აღნიშნა, ქართული დემოკრატიის სტანდარტი გაცილებით მაღალია, ვიდრე ზოგიერთი ევროპული დემოკრატიის. პაპუაშვილის თქმით, ვინმეს პრეტენზია თუ აქვს, რომ არის დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენელი, უნდა მოისმინოს კრიტიკული კითხვები და მშვიდად უპასუხოს.

„პროპაგანდისტობის იარლიყის მიწეპება არის მცდელობა, გაექცეს კითხვას და აჩვენებს, რომ სტანდარტი სხვადასხვა არის. ამას ვამბობთ, რომ ქართული დემოკრატიის სტანდარტი დღეს გაცილებით მაღალია, ვიდრე ზოგიერთი ევროპული დემოკრატიის. ხედავთ, რომ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, მეც, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის უმრავლესობის ხელმძღვანელი, სხვა წამყვანი თანამდებობის პირები ყოველ კვირა, საათობით ვატარებთ დროს ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ არც ერთ კითხვას. დავთვალე, კვირაში ჯამურად რამდენი საათი უწევს ცალკე პრემიერ-მინისტრს, ცალკე პარლამენტის თავმჯდომარეს, უმრავლესობის ლიდერს. არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, ერთადერთი, დონალდ ტრამპი თუ იქნება ამ მხრივ მსგავსი სტატისტიკის მქონე. ნებისმიერ სხვა ლიდერს შეხედეთ, შეხედეთ ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს, პარლამენტის თავმჯდომარეებს – ვინ ატარებს ამდენ დროს „ჰარდ თოქის“ ფორმატში, სადაც ნებისმიერ კითხვას ვცემთ პასუხს. ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც, როგორც ჩანს, ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი. რაც შეეხება ფიშერს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მისი ფაილი ჩვენთვის დახურულია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.