შალვა პაპუაშვილი - ცალკეული მრჩევლების კომენტარზე უფრო მნიშვნელოვანია ჩემი უკრაინელი კოლეგების პოზიციები, ქართველი ხალხი, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებენ, რომ უკრაინამ ამ ბრძოლაში გაიმარჯვოს
შალვა პაპუაშვილი - ცალკეული მრჩევლების კომენტარზე უფრო მნიშვნელოვანია ჩემი უკრაინელი კოლეგების პოზიციები, ქართველი ხალხი, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებენ, რომ უკრაინამ ამ ბრძოლაში გაიმარჯვოს

ჩემთვის ცალკეული მრჩევლების კომენტარზე უფრო მნიშვნელოვანია ჩემი კოლეგების, უკრაინის პარლამენტის წარმომადგენლების პოზიციები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მიხეილ პოდოლიაკის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომ „ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებები არსებობს“. მისივე თქმით, „საქართველოს მთავრობის საუბარში რუსეთის ფედერაციის ხმა ისმის“.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მისთვის გადამწყვეტია ის პოზიცია, რასაც თავის კოლეგებისგან, უკრაინის რადის წარმომადგენლებისგან ისმენს.

„დღეს შეხვედრა მქონდა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან და რაც არის უკრაინის პოზიცია, პირდაპირ მათგან გავიგეთ. ამიტომ, ცალკეული მრჩევლების განცხადებები პირველი არ არის და ამაზე რეაქციაც არ არსებობს უკვე საზოგადოებაში. საქართველო გვერდში უდგას უკრაინას ომის დაწყების პირველივე დღიდან. ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინამ ამ ბრძოლაში გაიმარჯვოს. ეს სოლიდარობა არის გულწრფელი და გამომდინარეობს ჩვენი ისტორიული კავშირებიდან. უკრაინა ამ ომს აუცილებლად მოიგებს, თუმცა, როცა ეს ომი დასრულდება, ზოგიერთი წარმომადგენლის ასეთი განცხადებები შემდგომში იქნება განხილვის საკითხი და ვფიქრობ, მათ არ ექნებათ იმის საშუალება, რომ თვალებში ჩახედონ ქართველ ხალხს ამ განცხადებების შემდეგ, როცა ფაქტობრივად იმ სოლიდარობაზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება უცხადებს უკრაინას, ასეთ პასუხს გვცემს ზოგიერთი ასეთი ადამიანი.

ასეთია რამდენიმე წარმომადგენელი, რომელიც დღე გამოშვებით ქართულ ტელევიზიაში ჩნდება. ჩემთვის გადამწყვეტია ის პოზიცია, რასაც ჩემი კოლეგებისგან, უკრაინის რადის წარმომადგენლებისგან ვისმენ. დღეს სწორედ იმაზე გვქონდა საუბარი, თუ რამდენად ვუგებთ ერთმანეთს და რამდენად სოლიდარული ვართ ერთმანეთის მიმართ. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ორმხრივი სოლიდარობა. ვინაიდან, უკრაინაში არის ცხელი ომი და ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ არის, როგორც ქვეყნის მიმართ, რომელიც ცხელ ომშია ჩართული, თუმცა საქართველოში არის ოკუპაცია და ყოველთვის არსებობს საფრთხე ამ მდგომარეობის გაუარესების. რა თქმა უნდა, ჩვენ სოლიდარობის მოლოდინი გვაქვს და ამ სოლიდარობას ვგრძნობთ უკრაინისგან“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.