შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელში ვიზიტისას მივიღეთ დასტური, რომ ევროკავშირი ცდილობს, წევრობის განაცხადის ბიუროკრატიული პროცედურები მაქსიმალურად დაჩქარდეს
შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელში ვიზიტისას მივიღეთ დასტური, რომ ევროკავშირი ცდილობს, წევრობის განაცხადის ბიუროკრატიული პროცედურები მაქსიმალურად დაჩქარდეს

მივიღეთ დასტური, რომ ევროკავშირი ცდილობს, ბიუროკრატიული პროცედურები მაქსიმალურად დაჩქარდეს, ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით საქართველოს განაცხადი უკვე გადაგზავნილ იქნა შესაბამის დეპარტამენტებში, რომლებმაც კითხვარი უნდა შეიმუშაონ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელში, ვიზიტის პირველი დღის ფარგლებში გამართული შეხვედრების შეჯამებისას განაცხადა.

„სხვა დროს თუ პროცედურები გრძელდებოდა თვეების განმავლობაში, ახლა, სავარაუდოდ, ეს რამდენიმე კვირაში დასრულდება. გამოიგზავნება კითხვარი, რომელიც ქვეყნის შესწავლის და ანალიზის საფუძველს წარმოადგენს. სხვა მხრივ, პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია, თუ რამდენად დაჩქარდება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენი სამუშაო უნდა შევასრულოთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემაა რუსული აგრესია უკრაინაში და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა.

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ბრიუსელში მყოფი საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ლევან იოსელიანი, მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.