შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელში შეხვედრებმა აჩვენა, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება და ეს დადასტურდება მადრიდის სამიტზეც
შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელში შეხვედრებმა აჩვენა, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება და ეს დადასტურდება მადრიდის სამიტზეც

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო.

პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელში გამართულმა შეხვედრებმა აჩვენა, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება.

„ეს იყო ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, პირველი საერთაშორისო ვიზიტი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის ეს ვიზიტი შედგა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში. იყო ძალიან წარმატებული. გქვონდა შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან. მქონდა შესაძლებლობა, სიტყვით მიმემართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომისთვის და მონაწილეობა მიმეღო დისკუსიაში.

ამ შეხვედრებმა აჩვენა რამდენიმე რამ – ერთი, ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება და ეს დადასტურდება ზაფხულში მადრიდის სამიტზე. გარდა ამისა, მივიღეთ შემოთავაზება, მადრიდის სამიტზე განსახილველი ნატო-ს სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებაშიც მივიღოთ მონაწილეობა, შევთავაზოთ ჩვენი წინადადებები, რათა ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში ჩვენი იდეები შევთავაზოთ სტრატეგიული დოკუმენტისთვის.

გარდა ამისა, საუბარი გვქონდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით, ამ კუთხით გვაქვს სრული კოორდინაცია და სრული ურთიერთგაგება ჩვენს ნატოელ კოლეგებთან. ამ დროს, როდესაც ასეთი უსაფრთხოების გამოწვევებია, სწორედ ამ კოორდონაციისა და კომუნიკაციის საფუძველზე მოქმედებს როგორც საქართველოს მთავრობა, ისე პარლამენტი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.