შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელის ერთი „მე“ აქებს საქართველოს ხელისუფლებას სანქციების დაცვის მხრივ, მეორე „მე“ აფინანსებს დეზინფორმაციას, ეს აჩვენებს ბიპოლარულ აშლილობას ბრიუსელში
შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელის ერთი „მე“ აქებს საქართველოს ხელისუფლებას სანქციების დაცვის მხრივ, მეორე „მე“ აფინანსებს დეზინფორმაციას, ეს აჩვენებს ბიპოლარულ აშლილობას ბრიუსელში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი მხრივ, ბრიუსელიდან ისმის შექება საქართველოს ხელისუფლების მიმართ სანქციების დაცვის კუთხით, მეორე მხრივ კი, ბრიუსელი აფინანსებს საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებას.

პაპუაშვილის თქმით, ეს აჩვენებს ბიპოლარულ აშლილობას ბრიუსელში.

„მეორე „მე“ არსებობს ბრიუსელში და ბიპოლარობასთან გვაქვს საქმე. სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის მთავარი წარმომადგენელი უკვე მერამდენედ აქებს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას. იცით, რომ საქართველო, როგორც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა, ზოგადად, რისკის ზონაშია იმ მხრივ, რომ ბევრმა შეიძლება მოისურვოს, იფიქროს, რომ საქართველოს ტერიტორია გამოიყენოს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ იმდენად ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი შეიმუშავა, რომ არათუ საყვედური არ გვსმენია მათგან, შექების მრავალი შემთხვევაა, ახლა ეს ოფიციალური წერილიც იყო. ეს ერთი მხარე, ერთი „მე“ ბრიუსელის. ერთი მხრივ თუ იყო ქება, მეორე „მე“ გრანტს აძლევს „ენჯეოს“ – „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, რომელიც ზუსტად იმით არის დაკავებული, რომ დააბრალოს საქართველოს, თითქოს მისი ხელისუფლება უზრუნველყოფს სანქციების გვერდის ავლას. ამაში გადახდილია ევროკავშირის ფული. ამ დეზინფორმაციის გავრცელებას აფინანსებს ბრიუსელი. ამიტომ გვაინტერესებს, რა ხდება? ბრიუსელი უნდა ჩამოყალიბდეს, რომელი „მე“ საუბრობს მასში. არის საქართველო სანქციების დაცვის მხრივ შესაქები ქვეყანა და თუკი ეს არის, მაშინ რატომ აფინანსებენ დეზინფორმაციას ბრიუსელიდან? პირდაპირ ბრიუსელი აფინანსებს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, „ფაქტჩეკის“, „ისფედის“ და სხვა ასეთი ორგანიზაციების დეზინფორმაციულ კამპანიებს საქართველოს წინააღმდეგ. ასე რომ, უპირველეს ყოვლისა, ეს აჩვენებს არა ორმაგ სტანდარტს დამოკიდებულების მხრივ, არამედ ბიპოლარულ აშლილობას ბრიუსელში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისგან, დევიდ ო’სალივანისგან მიიღო ოფიციალური წერილი, რომელშიც დევიდ ო’სალივანი მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას „უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა“.