შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, კანდიდატ ქვეყნებშიც ამაზე დიდი სკეფსისია
ეროვნულ ინტერესებს არასდროს უნდა ვუღალატოთ, ეროვნული ინტერესები ყოველთვის მდგომარეობს მშვიდობიან განვითარებაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და კეთილდღეობის ზრდაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით
„ახლა ხომ ჩანს, რომ როგორც კი სხვა მიზნებს გავაფეტიშებდით და ეროვნულ ამოცანებზე ზემოთ დავაყენებდით, საბოლოო ჯამში, იმ მიზნებს, რომლებიც ჩვენს ხელში არ არის – ნატო-ს წევრობა, ევროკავშირის წევრობა და ა.შ. – რომლებიც შეუძლიათ, ნებისმიერ დროს შეატრიალონ, როგორც უნდათ, ისე, ჩვენს ქვეყანას მოწყვლადს ვქმნით და ჩვენს ეროვნულ მიზნებს რაღაც სხვა მიზნებს ვანაცვალებთ. შემდეგ ვის ხელშიც არის ამ მიზნების აღსრულება, გულგრილი ხდებიან ამ მიზნების შესრულების მიმართ და, საბოლოო ჯამში, დანგრეული ქვეყანა რჩება, როგორც უკრაინაა. როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენ ეს შეძახილები გვიხსოვს, რომ უკრაინა არათუ ნატო-ს წევრი იქნება, უკრაინა იქნებოდა ნატო-ს წამყვანი სამხედრო კონტინგენტის მქონე ქვეყანა. პირველ დღეებში, ომი სანამ დაიწყებოდა, ზელენსკი გამოდიოდა და ამბობდა – ბოლოს და ბოლოს გვითხარით, გვიღებთ თუ არა ნატო-ში, თქვით ღიად და მკაფიოდო. ამ საკითხზე იყო დამოკიდებული მაშინ ომის დაწყება-არდაწყება. შემდეგ ამისი დამალვა და მიჩუმათება უნდოდათ, თითქოს არაფერ კავშირში არ იყო ომთან ნატო-ში წევრობა-არწევრობა, მაგრამ დღეს ყველა შეთანხმებულია, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაიწყო ომი, იყო სწორედ ნატო-ს გაფართოების გეგმები აღმოსავლეთის მიმართულებით. დღეს ვხედავთ, რომ, საბოლოო ჯამში, ამ მიზნებისგან და ოცნებებისგან აღარაფერს ტოვებენ, რაც შეეხება ნატო-ს წევრობას.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში წევრობაც, რომელიც არ იდგა დღის წესრიგში მანამდე, 2022 წლის ომამდე, უცებ დღის წესრიგში წამოვიდა, უცებ ყველას დაჰპირდნენ, რომ იქნებოდა ევროკავშირის წევრი. უკრაინას დაჰპირდნენ, რომ სწრაფად და მოკლე ვადებში ევროკავშირის წევრი გახდებოდა. 2027 წლის 1-ლი იანვარიც კი იყო დასახელებული ზოგიერთი პირის მხრიდან, როგორც გაწევრიანების თარიღი. ვხედავთ, რომ არავინ არ აპირებს კიევის ევროკავშირში მიღებას. უკვე დათქმას აკეთებენ, რომ ევროკავშირში თუ მიიღეს უკრაინა, მას ექნება შეზღუდვები სოფლის მეურნეობის მიმართულებით. მთავარია, რომ უკრაინას სოფლის მეურნეობის ბაზრები სჭირდება, სუბსიდიები სჭირდება და ზუსტად ამაში ექნება შეზღუდვები. უი, თურმე, ჩვენ ევროკავშირის სრულფასოვან წევრებად მიღებას კი არ გვიპირებენ, მეორეხარისხოვან წევრებად მიღებას გვიპირებენო. ამ დღეებში გაიმართება დისკუსია, რომ იყოს ორკლასობრივი დაყოფა ევროკავშირში – იყვნენ პირველი კლასის და მეორე კლასის წევრები, რომლებსაც თანაბარი ხმის უფლება არ ექნებათ. ეს ის ტენდენციაა, რომლის ეჭვიც გვაქვს, რომ ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. კანდიდატ ქვეყნებშიც ამაზე დიდი სკეფსისია. მონტენეგროზე და ალბანეთზე თუ შეთანხმდებიან, იმის იქით გაფართოებაში, არ მგონია, გულწრფელი იყოს ზოგიერთი ლიდერი. სამწუხაროდ, ყოველდღიურად ამაში ვრწმუნდები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.