შალვა პაპუაშვილი - წამების სისტემის შემქმნელი ზურაბ ადეიშვილი მიიღეს კაბინეტში, როგორც საუკეთესო პარტნიორი და ეს ბრიუსელი გველაპარაკება ვინმეს მიუღებლობაზე?
ბრიუსელში შეხვედრა იმიტომ ჩაშალეს, რომ ჩვენთან დაკავშირებით სალაპარაკო არ აქვთ, პრეტენზიას ვერაფერს გვიყენებენ, ვერც უკრაინაზე, ვერც ინსტიტუციებზე. ადამიანის უფლებები ეს ერთადერთია, რაზეც შეუძლიათ, უარგუმენტოდ ისაუბრონ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრა ჩაშალეს, მათივე, ბრიუსელის მიერ აწყობილი დეზინფორმაციის და ცრუ ნარატივების მხილებას რომ გაქცეოდნენ.
„ადამიანის უფლებების საკითხზე დიალოგი ის თემაა, რომელზეც, რომ ჰკითხო ბრიუსელს, ყველაზე მეტი საპრეტენზიო, შეიძლება, ჰქონდეთ. ჩვენი დელეგაცია რომ ჩავიდოდა, ასე ვთქვათ, წნეხის ქვეშ გაატარებდნენ, ფაქტებს დაუდებდნენ, ეს მათთვის ხომ უნდა ყოფილიყო ტრიუმფი, რომ, აი, ჩავიდა ქართული დელეგაცია. ჩვენთან დაკავშირებით სხვა სალაპარაკო რომ არ აქვთ, პრეტენზიას ვერაფერს გვიყენებენ, ვერც უკრაინაზე, ვერც ინსტიტუციებზე, ეს ერთადერთია, რაზეც შეუძლიათ, უარგუმენტოდ ისაუბრონ. ხომ უნდა ყოფილოყო მათი ტრიუმფი, აგერ, უთხრეს ყველაფერი მზია ამაღლობელიდან დაწყებული, ხაბეიშვილით დამთავრებული. მათთვის ხომ საინტერესო უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა და იცით, რატომ? იმიტომ რომ ზუსტად იციან, რასაც იტყოდნენ, ყველაფერზე არსებობს არგუმენტირებული პასუხი ქართული კანონმდებლობით, საერთაშორისო კანონმდებლობით, სტრასბურგის პრაქტიკით. ამ საკითხებთან დაკავშირებით გაჩუმება მოუწევდათ. სინამდვილეში სწორედ ამას გაქცნენ, ამიტომ ჩაშალეს შეხვედრა. სხვა მიზეზი რომ ვერ მოძებნეს, ჩაშალეს ეს შეხვედრა, საუბარს რომ გაქცეოდნენ, მათივე, ბრიუსელის მიერ აწყობილი დეზინფორმაციის და ცრუ ნარატივების მხილებას. ახლა, შემოვლითი გზებით, რაღაც საბაბებს ასახელებენ. ოფიციალური განცხადება არ მოგვისმენია, სადღაც ჟონავს, ეს კიდევ საერთოდ ცალკე მოვლენაა. ამხელა ინსტიტუციაა, ბრიუსელი არის და ასე ჟონავს? ხან ერთი მხრიდან გამოჟონავს ინფორმაცია, ხან – მეორედან. სათქმელი თუ გაქვს – თქვი. ჩემმა კოლეგამ გუშინ თქვა, ერთი ადგილი გქონდეს და თქვი, თუ რამე სათქმელი გაქვს. თქვან, თუ რამე სათქმელი აქვთ და ეს გამოჟონვა საერთოდ ურთიერთობის რა დონეა, არ ვიცი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ბრიუსელი გაექცა შეხვედრას, რადგან საქართველოს დელეგაციის პირისპირ ცრუ ნარატივებით აგებული შენობა ხუხულასავით ჩამოეშლებოდათ.
„ჩავთვალოთ, ბრიუსელში ვიღაც რაღაც ჭმუნვები ჰქონდა და ვინ გველაპარაკება, ის ბრიუსელი, რომელსაც ადეიშვილი რამდენიმე თვის წინ კაბინეტში ეჯდა? წამების სისტემის შემქმნელი კაბინეტში ეჯდა, ეს ბრიუსელი საქართველოში ვინმეს, შეიძლება, ასეთ პრეტენზიას უყენებდეს? საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც იმაზე მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი, ვიდრე ზურაბ ადეიშვილს, წამების სისტემის შემქმნელია და ეს ადამიანი ეჯდათ კაბინეტში, როგორც საუკეთესო პარტნიორი. ვინ გვეუბნება, რომელი ბრიუსელი გველაპარაკება ვინმეს მიუღებლობაზე? რეზოლუციებში წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა, მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელის კორიდორებში რომ დადიოდა. საერთოდ როგორ ბედავენ, ისაუბრონ რაიმე ღირებულებებთან დაკავშირებით ზურაბ ადეიშვილის ჩამხუტებელი ადამიანები? ფაქტი ერთია, ბრიუსელი გაექცა შეხვედრას, იმიტომ, რომ არ არსებობს თემა, რომელზეც არ არსებობს არგუმენტირებული პასუხი და ეს ცრუ ნარატივებით აგებული შენობა ხუხულასავით ჩამოეშლებოდათ ამ დელეგაციის პირისპირ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ვაჭრობას, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა, წარადგინა სქემა, რომ 2022 წლიდან, უკრაინაში ომის დაწყებიდან ევროკავშირმა უკრაინას 180 მილიარდი გადაუხადა, ხოლო რუსეთს – 310 მილიარდი ევრო, 130 მილიარდი ევროთი მეტი გადაუხადა რუსეთს, ვიდრე უკრაინას.
„და ეს ხალხი ჩვენ რაიმე საყვედურს გვეუბნება რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით? ლიეტუვა ნომერ პირველი ქვეყანა რომ გახდა ღვინის ექსპორტით რუსეთში, ერთი მტევანი ყურძენი რომ არ მოდის იმ ქვეყანაში, ჩვენზე მეტი ღვინო რომ შეაქვთ და ჩვენ გვეუბნებიან საყვედურს, ღვინო რატომ შეაქვს ქართველ გლეხს რუსეთშიო. ასეთ საყვედურებს არათუ არ მივიღებთ, ასეთი საყვედური აჩვენებს, რომ ეს არის ფარისევლობის პიკი, რასაც ჩვენ დღეს ბრიუსელიდან საქართველოს მიმართ ვხედავთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.