შალვა პაპუაშვილი - ბრიტანეთის პრემიერს მტკიცება უწევს, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია, სახუმაროდ სულაც არ არის საქმე, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ სხვადასხვა დაფინანსებით ეს გადმოედინება საქართველოშიც
შალვა პაპუაშვილი - ბრიტანეთის პრემიერს მტკიცება უწევს, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია, სახუმაროდ სულაც არ არის საქმე, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ სხვადასხვა დაფინანსებით ეს გადმოედინება საქართველოშიც

დღეს დიდ ბრიტანეთში არის მდგომარეობა, როდესაც პრემიერ-მინისტრს საუბარი უწევს, რომ ქალი ქალია და კაცი – კაცი, რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, დიდ ბრიტანეთში ასეთი მდგომარეობაა. ყველაფერი, ჩვენი გამოცდილებაც გვაჩვენებს, რომ ნელ-ნელა, სხვადასხვა დაფინანსებით და მანქანებით გადმოედინება ეს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.

„საეჭვო სიჩუმეა ოპოზიციის მხარეს. ფაქტია, ამ საკითხს ან არიდებენ თავს, ან უნდათ, სულ უფრო გააუბრალოონ ეს საკითხი. თუმცა, სინამდვილეში საქმე სულაც არ არის სახუმაროდ და სერიოზულ საკითხთან გვაქვს საქმე. ვერავინ წარმოიდგენდა ხუთი-ათი წლის წინ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მოუწევდა იმის თქმა და მტკიცება, რომ ქალი ქალია და კაცი – კაცი. რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, დღეს დიდ ბრიტანეთში არის ასეთი მდგომარეობა, რომ პრემიერ-მინისტრს ამაზე საუბარი უწევს. ეს ყველაფერი, ჩვენი გამოცდილებაც გვაჩვენებს, რომ მერე ნელ-ნელა, სხვადასხვა დაფინანსებით და მანქანებით გადმოედინება საქართველოში.

ამიტომ მნიშვნელოვანია, აქედანვე იყოს ცხადი, რა არის ქართული საზოგადოების პოზიცია. ამიტომაც ჩვენ აბსოლუტურად ღია დისკუსია შევთავაზეთ ყველას, იქნება ეს ოპოზიცია, თუ თუნდაც ენჯეოსექტორი, რომ ჩაერთონ ამ საკითხში, დაიცვან საკუთარი პოზიცია, მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით. ვხედავთ, ისინი იმალებიან და ემალებიან საზოგადოებას ამაზე სასაუბროდ და ამ ყველაფერს ხედავს საზოგადოება. გავლენ შემდეგ წინასაარჩევნოდ სოფლებსა და ქალაქებში და ამ სიჩუმის გამო მიიღებენ პასუხს, ვინაიდან სიჩუმე ამ საკითხზე ნიშნავს პროპაგანდის მხარდაჭერას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა სოციალურ ქსელში 2023 წლის 4 დეკემბერს დაწერა, რომ „კაცი კაცია და ქალი ქალია, ეს, უბრალოდ, საღი აზრია“. ანალოგიური განცხადება რიში სუნაკმა ოქტომბრის დასაწყისშიც გააკეთა კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას: „არ უნდა დაგვაძალონ, ვირწმუნოთ, რომ ადამიანებს შეუძლიათ, აირჩიონ ნებისმიერი სქესი, კაცი კაცია და ქალი – ქალი“.