შალვა პაპუაშვილი - ბორელთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ევროპულ პერსპექტივაზე, ჩვენი მხრიდან საუბარი იყო, რომ მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება იყოს სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული
შალვა პაპუაშვილი - ბორელთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ევროპულ პერსპექტივაზე, ჩვენი მხრიდან საუბარი იყო, რომ მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება იყოს სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრაზე ისაუბრეს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.

როგორც პაპუაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირის გადაწყვეტილება იყოს სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული.

„საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის მხრიდან წარმოდგენილი იყო ყველა პოლიტიკური ჯგუფი. საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ ევროპულ პერსპექტივაზე. საუბარი იყო, ერთი მხრივ, იმაზე, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რეკომენდაციების შესრულება, მეორე მხრივ, ჩვენგან საუბარი იყო, რომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირის გადაწყვეტილება იყოს სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ბორელთან შეხვედრაზე ასევე განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ევროკავშირის დოკუმენტებში ტერმინი „ოკუპაცია“ დამკვიდრდეს.

„ასევე, ვისაუბრეთ უსაფრთხოების მხრივ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, ხაზი გავუსვით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახლა მაინც, ნაცვლად სხვადასხვა ტერმინოლოგიისა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ევროკავშირის დოკუმენტებში ტერმინი „ოკუპაცია“ დამკვიდრდეს. მნიშვნელოვანია, ყველაფერს საკუთარი სახელი დაერქვას. სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირის დოკუმენტებში საქართველოს ტერიტორიის ეს ნაწილები ოკუპირებულ რეგიონებად არ მოიხსენიება. მნიშვნელოვანია, ამ კუთხითაც ევროკავშირის მხრიდან საკითხების სათანადო შეფასება ვიგრძნოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით შეხვედრაზე საკითხი დაისვა, მათ შორის ოპოზიციის მხრიდანაც.

„მათ შორის ოპოზიციის მხრიდანაც იყო საკითხი დასმული კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. თავის მხრივ, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ევროკავშირისთვის მიუღებელია ისეთი დამოკიდებულება, როგორიცაა ე.წ. ტერმინოლოგიური გამიჯვნა ხალხისა და ხელისუფლებისა, რომელიც გვესმის საქართველოში რადიკალური ოპოზიციისგან, ასევე ზოგიერთი ევროპარლამენტარისა და ევროპელი პოლიტიკოსისგან. ევროპარლამენტარების მხრიდან გამიჯვნა როდესაც ხდება, ეს თითოეული ევროპარლამენტარის კერძო მოსაზრებაა, რომელიც არ წარმოადგენს ევროკავშირს. ბორელის პოზიციაა, რომ მიუღებელია გამიჯვნა და ხელისუფლება ხალხის მიერ დემოკრატიულადაა არჩეული, ამ ქვეყნის წარმომადგენელია. ხალხი, ხელისუფლება, ქვეყანა ერთიანი ორგანიზმია და თუკი გადაწყვეტილება მიიღება ქვეყნის მიმართ, ეს მიიღება ერთიანი ორგანიზმის, ხალხის, ხელისუფლების მიმართ. არც ოპოზიციის, არც ჩვენი მხრიდან ისეთი არაფერი თქმულა, რაც გარეთ არ გაჟღერებულა. ეს არის როგორ ლობირებს რადიკალური ოპოზიციის ნაწილი კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.