შალვა პაპუაშვილი - ბოლო კვლევით, სამართლებრივი სახელმწიფოს ინდექსში რეგიონის 14 ქვეყანას შორის პირველი და მსოფლიოში 49-ე ვართ, სისხლის სამართლის მართლმსაჯულებითაც ვუსწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას
შალვა პაპუაშვილი - ბოლო კვლევით, სამართლებრივი სახელმწიფოს ინდექსში რეგიონის 14 ქვეყანას შორის პირველი და მსოფლიოში 49-ე ვართ, სისხლის სამართლის მართლმსაჯულებითაც ვუსწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას

აშშ-ის ელჩი შეხვდა ყველა უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირს და არცერთთან არ წარუდგენია რამე ფაქტი მოსამართლეებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ეს არის სამწუხარო. მე მას ჩემი პოზიცია დავუფიქსირე, რომ მიუღებელია, როდესაც ხდება პიროვნული შეტევა საქართველოს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით, როცა პიროვნული შეტევა ხდება ქართველ მოსამართლეებზე. არა მხოლოდ გაცხადებული იქნა, რომ გარკვეული სავიზო შეზღუდვაა, არამედ პირდაპირ ხდება მათი სტიგმატიზება, როგორც კორუმპირებული მოსამართლეების, ისე, რომ ერთი ფაქტიც და მტკიცებულებაც არ არის დასახელებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სამწუხაროა, როცა სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს მოქალაქეების წინაშე თავს ვალდებულად არ თვლის, მათ მტკიცებულებები წარუდგინოს.

„საქართველოს მოქალაქეები სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, საჯარო ინფორმაციად მივიჩნიოთ სანქცირებული მოსამართლეების ქონების თუ სხვა მოსამართლეებზე მათი შესაძლო გავლენების შესახებ მომზადებული რეპორტაჟები, რადგან დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე საუბრობს, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ როდესაც სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს მოქალაქეს კორუმპირებულს ეძახის, არ შეიძლება, მან ჩაგვაყენოს ვიქტორინის მდგომარეობაში, როდესაც უნდა გამოვიცნოთ, რა შეიძლება, ყოფილიყო ამის მიზეზი.

„იცით, რომ, მათ შორის, ყოფილ მოსამართლეზეა საუბარი და რთულია ვიფიქროთ, რა პერიოდზეა საუბარი. შეგვიძლია, ვივარაუდოთ და ათვლის წერტილად ავიღოთ ის პერიოდი, როდესაც ამ კონკრეტულმა ადამიანებმა დაიწყეს სასამართლო სისტემაში მუშაობა. შეიძლება, ეს იყოს 10-15-20-წლიანი პერიოდი და ჩვენ 20-წლიანი პერიოდის ალმანახებს ვერ შევისწავლით, რაზე შეიძლება, იყოს საუბარი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, იწვევს თუ არა კითხვებს და არის თუ არა დამაფიქრებელი მმართველი გუნდისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევები და შეფასებები, რომლებიც მძიმე შინაარსისაა, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ, დიდი ალბათობით, მოსამართლეთა სანქცირების გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში, ამგვარ კვლევებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობა, რაც სამწუხაროა.

„ჩვენ NGO-ების მხრიდან შეჩვეული ვართ ისეთი ტიპის დოკუმენტებს, სადაც მტკიცებულებების გარეშე, „ამბობენ დონეზე“ არის მოყვანილი ამა თუ იმ მოსამართლის თუ სხვა პირის მიმართ გარკვეული იარლიყების მიწებება. ეს შეიძლება, საკმარისი იყოს NGO ანგარიშისთვის და ამას შეჩვეული ვართ, არა მხოლოდ ამ საკითხებზე. საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით უნდა ნახოთ ანგარიშებში, როგორ არის აღწერილი ესა თუ ის ფაქტი „ამბობენ დონეზე“, რომ ვიღაცამ თქვა, ვიღაცამ უთხრა და ა.შ., ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. ამას ჩვენ შეჩვეული ვართ NGO-ების მხრიდან, თუმცა სამწუხარო იქნებოდა, თუ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ასეთ „ამბობენ დონეზე“ არგუმენტებზეა დაყრდნობილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, თუ სხვადასხვა საერთაშორისო კვლევას შევხედავთ, საქართველო, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებლებით არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა.

„ჩვენ, მათ შორის, ვუსწრებთ ევროკავშირის, ნატო-ს წევრ ქვეყნებს, რეგიონში წლებია, ვართ უპირობო ლიდერი, არა მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში, არამედ სასამართლო სისტემის მხრივაც. ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც არის მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის და შეეხება სამართლებრივი სახელმწიფოს ინდექსს, რეგიონში 14 ქვეყანას შორის, აღმოსავლეთ ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე, ვართ პირველი და ამავე დროს, მსოფლიოში ვართ 49-ე, მათ შორის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულებითაც ვუსწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას, გლობალური მიმართულებითაც ვუსწრებთ კანდიდატ ქვეყნებს, ზოგიერთ ევროკავშირის წევრ და ნატო-ს წევრ ქვეყანას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.