შალვა პაპუაშვილი - ბოლო ერთ წელში ადამიანების რაოდენობა, რომელთაც ევროკავშირზე პოზიტიური წარმოდგენა აქვთ, შემცირდა, ეს ასახავს იმედგაცრუებას, რაც შარშანდელმა უსამართლო გადაწყვეტილებამ გამოიწვია
შალვა პაპუაშვილი - ბოლო ერთ წელში ადამიანების რაოდენობა, რომელთაც ევროკავშირზე პოზიტიური წარმოდგენა აქვთ, შემცირდა, ეს ასახავს იმედგაცრუებას, რაც შარშანდელმა უსამართლო გადაწყვეტილებამ გამოიწვია

როგორც იტალიის, ასევე ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეებმა დაგვიდასტურეს მათი მხარდაჭერა საქართველოს წინსვლის მიმართ ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შეხვედრები შედგა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, იტალიის ქვედა პარლამენტის თავმჯდომარესთან.

„საკითხები ეხებოდა უსაფრთხოების მიმართულებებს და ამ საკითხზე მსჯელობა განსაკუთრებით ეუთო-სთან იყო. ასევე მსჯელობის საგანი იყო მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები, სადაც ეუთო-ს, ტრადიციულად, სადამკვირვებლო მისია ეყოლება. მოხარული ვარ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი აპირებს, ნოემბერში საქართველოში ჩამოვიდეს. შესაბამისად, საერთო საკითხები ამ ვიზიტის დროსაც იქნება განხილული.

ესტონეთისა და იტალიის პარლამენტის თავმჯდომარეებთან საუბარი იყო ჩვენს წინსვლაზე 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით, ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ ახლა დადგა დრო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების და ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელიც ევროკავშირის მხარესაა. მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა ამ გადაწყვეტილებას შეხედოს, როგორც გზავნილს ქართველი ხალხის მიმართ და გზავნილს რუსეთის მიმართ. სწორედ ამ პასუხისმგებლობით უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ჩვენ, როგორც იტალიის, ასევე ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეებმა დაგვიდასტურეს თავიანთი მხარდაჭერა საქართველოს წინსვლის მიმართ ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით. მათ ასევე დაგვიდასტურეს, რომ მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ჩვენ სწორედ იმაზე გვქონდა საუბარი, რომ შარშანდელმა გადაწყვეტილებამ ქართულ საზოგადოებაში იმედგაცრუება გამოიწვია. სხვათა შორის, ეს აისახა კიდევაც კვლევებში.

ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებში ჩატარდა და რომელიც უკავშირდებოდა ევროკავშირის ცნობადობას. ამ კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში, იმის ფონზე, რომ ერთ-ერთი მაღალი მხარდაჭერაა ევროკავშირში გაწევრიანების – 85 პროცენტზე მეტი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც ევროკავშირზე პოზიტიური წარმოდგენა აქვთ, 11 პროცენტით შემცირდა. ეს ზუსტად ასახავს იმ იმედგაცრუებას, რაც ქართულ საზოგადოებაში გამოიწვია შარშანდელმა უსამართლო გადაწყვეტილებამ. სხვათა შორის, ეს კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს ის მოსახლეობა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს მიენიჭება სტატუსი, 35-პროცენტია და ეს ასევე აჩვენებს იმედგაცრუებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა გადაწყვეტილება იმ პასუხისმგებლობით უნდა მიიღოს, რომ ეს არის გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ და ამით ნახავს ქართველი ხალხი, მათ შორის, იმას, რამდენად აფასებს ევროკავშირი ქართველი ხალხის ბრძოლას ევროპაში დაბრუნებისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.