შალვა პაპუაშვილი - ბიუჯეტის ათი პროცენტი განათლების სფეროსკენ მიემართება, ვმუშაობთ ათწლიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე
შალვა პაპუაშვილი - ბიუჯეტის ათი პროცენტი განათლების სფეროსკენ მიემართება, ვმუშაობთ ათწლიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე

დღეს, ბიუჯეტის ათი პროცენტი განათლების სფეროსკენ მიემართება და ამ სფეროს დიდი ყურადღება ეთმობა, – განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„მნიშვნელოვანია, განათლება პრიორიტეტი იყოს, მაგრამ აქ ორიენტირი უნდა იყოს არა რაღაც პროცენტულ მაჩვენებლებზე, არამედ იმაზე, რომ იყოს სწორი პოლიტიკა და ამ სწორ პოლიტიკაში საკმარისი რესურსების დახარჯვა. ეს 6% იქნება, 5 თუ 7, იქიდან უნდა გამომდინარეობდეს, რა საჭიროება და აუცილებლობაც არის. მექანიკური მიბმები ზოგადად, არასწორია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამ განცხადებით შალვა პაპუაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა ვადით გადაიწია პანდემიის გამო განათლების დაფინანსებამ, რაც 2022 წელს მშპ-ის 6% უნდა ყოფილიყო და რჩება თუ არა „ქართული ოცნება“ ამ დაპირების ერთგული.

შეკითხვაზე, რა არის განათლების სფეროში მთავარი პრიორიტეტი, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა პრიორიტეტი არსებობს. 

„უმაღლეს განათლებაზე რომ ვისაუბროთ, აქ ერთ-ერთი მიმართულება არის უმაღლესი განათლების დაფინანსება და დღეს გვაქვს სისტემა, რომლის მიხედვითაც, ვაფინანსებთ იმდენ რაოდენობა იურისტს, ეკონომისტს და იმ მიმართულებებს, რომლებიც პრესტიჟული მიმართულებებია, რაც რეალურად, ქვეყანას არ სჭირდება. დაფინანსება მორგებული უნდა იყოს იმაზე, თუ რა საჭიროებაა შრომის ბაზარზე და დაფინანსება ამის მიხედვით უნდა გადანაწილდეს. რამდენიმე ხანია, განათლების სამინისტრო ამაზე მუშაობს და უკვე ფორმულებიც მოფიქრებულია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, პროფესიულ განათლებას მეტი ყურადღება მიექცეს და ამ მიმართულებით ბევრი რამ კეთდება, რათა პროფესიული განათლების მიღება მეტმა ახალგაზრდამ გადაწყვიტოს.

„კვლევებიც ადასტურებს, რომ ადამიანს პროფესიული განათლების შემთხვევაში დასაქმების მეტი შანსი აქვს და ამასთან, მეტი ანაზღაურების მიღების შანსიც, ვიდრე იურისტებს, რომლებიც ბევრი გვყავს და, რომელთა უმეტესობა საბოლოო ჯამში, ან ვერ მუშაობს, ან მუშაობს არა პროფესიის მიხედვით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, უნდა არსებობდეს პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც კონსენსუსზე იქნება დამყარებული და დღევანდელი პარლამენტი ამ ჩარჩოს შექმნის.

„გარდა ამისა, მუშაობა მიდის სტრატეგიაზე და სამოქმედო გეგმაზე 2022-2030 წლის განათლების და მეცნიერების მიმართულებით, რაც წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. ამით, ჩვენ გვექნება პარლამენტის მიერ მიღებული პოლიტიკის დოკუმენტის სრულად აწყობილი სისტემა. გვექნება ათწლიანი სტრატეგია და გვექნება სამოქმედო გეგმა, რომელშიც საკითხები კონკრეტულად იქნება გაწერილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დატოვე კომენტარი