შალვა პაპუაშვილი – ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა წუხილი და იმედგაცრუება, რომ გუნდის ყოფილი ლიდერები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში არიან მიცემული
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე ზოგადად იყო საუბარი იმის შესახებ, რომ იმედგაცრუებაა, როცა გუნდის ყოფილი ლიდერების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დგება.
პაპუაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა წუხილი ამასთან დაკავშირებით.
„უმრავლესობის სხდომაზე, პოლიტსაბჭოს სხდომაზეც იყო განხილული ეს თემა, რაც ჩვენი გუნდის წევრების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ეხება. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამაზე ისაუბრა, გამოხატა თავისი წუხილი და იმედგაცრუება იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი ლიდერები სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არიან მიცემული. ადამიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა როცა დგება და ამ ადამიანს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობები ეკავა, არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, არამედ მთლიანად გუნდში იმედგაცრუებაა. ღარიბაშვილთან დაკავშირებით კითხვები არ ყოფილა, ზოგადად, როცა საუბარი იყო იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რაც ბოლო პერიოდში გავიარეთ, ერთ-ერთი საკითხი პოლიტიკური თანამდებობის პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი იყო და ამას ბიძინა ივანიშვილი შეეხო.
სხდომაზე შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილა. წუხილი ნიშნავს, რომ აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში, ჩვენი რამდენიმე ლიდერი, პოლიტიკური თანამდებობის პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არის მიცემული. პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების შანსი ყველა პატიმარს აქვს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით რაიმე საუბარი არ ყოფილა, მით უმეტეს, ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია, ეს პრეზიდენტის კომპეტენციაა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
17 ოქტომბერს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პოლიტსაბჭოს სრული შემადგენლობა დაესწრო. სხდომას ესწრებოდა პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.