შალვა პაპუაშვილი ბელგიის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტსა და სენატის სპიკერს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ბელგიის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტსა და სენატის სპიკერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს, ელიანე ტილიეს და სენატის სპიკერს, სტეფანი დჰოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა განაცხადზე, რომელიც საქართველომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად შეიტანა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსული აგრესია უკრაინაში და უკრაინის მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობა იყო.

„პირველ რიგში, მადლობას გიხდით ჩემი და ჩემი დელეგაციის თქვენს პარლამენტში მოწვევისთვის. ძალიან მოხარული ვართ თქვენთან საუბრით. როგორც თქვენ აღნიშნეთ, დღესდღეობით ჩვენ და ჩვენი მოქალაქეები, ყველა უკრაინაზე ვფიქრობთ. ვიდრე ომი მიმდინარეობს, ეს არის პირველი საკითხი, რომელზეც უნდა ვიფიქროთ და ვისაუბროთ. ბელგიას და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს ვზეიმობთ და ეს მნიშვნელოვანი თარიღია. ეს მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვისაც, რომ ამ თარიღთან დაკავშირებით შემიძლია, ბელგიაში ვიზიტი და კოლეგებთან შეხვედრა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს მოწვევას, რომ ჩამობრძანდეთ საქართველოში და ეს თარიღი საქართველოშიც აღვნიშნოთ. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, დაინახოთ, რომ საქართველომ არა მხოლოდ ფორმალურად გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, არამედ ეს ჩვენი სურვილია, ჩვენი ისტორიაა, რომელსაც მივყავართ ევროკავშირისკენ. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 83 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ასე რომ, ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ლევან იოსელიანი, მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე.