შალვა პაპუაშვილი ავსტრიის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ავსტრიის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს, კლაუდია არპას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა უკანასკნელ პერიოდში ქართულ-ავსტრიული ურთიერთობების განვითარების დინამიკა და ხაზი გაუსვა განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტებს.

მან, აგრეთვე, ავსტრიულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ მრავალწლიანი ჩართულობისთვის.

შალვა პაპუაშვილი მიესალმა ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ დეკემბერში ევროპული საბჭო ოფიციალურად მიანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს. მან ამ კუთხით ავსტრიის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

კლაუდია არპამ აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ბუნდესრატის პირველი ვიზიტია საქართველოს პარლამენტში და მიულოცა საქართველოს ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაციის მიღება. მან ხაზი გაუსვა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტის შესრულების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პროგრესს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების გზაზე. ყურადღება გამახვილდა 2024 წლის არჩევნების წარმატებით ჩატარებაზე. თავმჯდომარემ, ასევე, მიმოიხილა საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით.

მხარეებმა, აგრეთვე, ხაზი გაუსვეს ერთობლივ ღონისძიებებს, რომლებიც ახალგაზრდებს შორის დემოკრატიის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სამოქალაქო განათლების წახალისებაზე იქნება მიმართული, რის თაობაზეც განზრახულობათა წერილს ავსტრიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტის, ვოლფგანგ სობოტკას ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.