შალვა პაპუაშვილი - აშშ-ის საელჩო იძულებული გახდა, პარტიული ტელევიზიების დეზინფორმაციის გამო განცხადება გამოექვეყნებინა, რადგან ამით ზიანდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აშშ-ის რეპუტაციაც
შალვა პაპუაშვილი - აშშ-ის საელჩო იძულებული გახდა, პარტიული ტელევიზიების დეზინფორმაციის გამო განცხადება გამოექვეყნებინა, რადგან ამით ზიანდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აშშ-ის რეპუტაციაც

აშშ-ის საელჩო იძულებული გახდა, დეზინფორმაციის გამო, რომელიც გავრცელდა პარტიულ ტელევიზიებში, განცხადება გამოექვეყნებინა, რადგან ასეთი ინფორმაციით ზიანდება არამხოლოდ საქართველოს რეპუტაცია, არამედ აშშ-ის რეპუტაციაც, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის ბაზასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არანაირ მონაცემსა და ფაქტს არ ეფუძნებოდა.

„ჯერ ზოგადად მნიშვნელოვანია, ეს თემა საერთოდ როგორ გახდა განხილვის საკითხი. სამწუხაროა, რომ ვნახეთ, რამდენადაც თვალყურს ვადევნებდი, იყო საკითხი, რომელზეც არანაირი არც მონაცემი, ან ვინმეს მოსაზრება, ან რაიმე ფაქტი არ არსებობდა. თუ არ ვცდები, ერთადერთი, ვინც ამ საკითხზე ისაუბრა თუ დაადასტურა, გახლდათ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, რომელიც ოპოზიციამ აირჩია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რასთან გვაქვს საქმე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი დეზინფორმაციით რომ არის დაკავებული სახელმწიფოს წინააღმდეგ და თან ასეთ საკითხებზე, რომელზეც აშშ-ის საელჩოსაც კი მოუწია განცხადების გაკეთება. არ ვიცი, ერთი მხრივ, ასეთი ბორდის წევრი რა ღირებულებას წარმოადგენს საზოგადოებრივ მაუწყებელში და მეორე მხრივ, აჩვენებს, ჩვენი ოპოზიცია როგორ კანდიდატებს არჩევს ხოლმე ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობებზე. იმედი მაქვს, ბოდიშს მოიხდის ეს ადამიანი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, აშშ-ის საელჩო იძულებული გახდა, აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაევრცელებინა.

„იმედი მაქვს, გუშინ გაეცანით აშშ-ის საელჩოს განცხადებას. არათუ მე, აშშ-ის საელჩო იძულებული გახდა, ამ დეზინფორმაციის გამო, რომელიც გავრცელდა პარტიულ ტელევიზიებში, განცხადება გამოექვეყნებინა, რადგან ასეთი ინფორმაციით, რა თქმა უნდა, ზიანდება არამხოლოდ საქართველოს რეპუტაცია, არამედ აშშ-ის რეპუტაციაც. ასე რომ, მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში ასეთი პირდაპირი ტყუილებით, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ აქვს, გარდა ერთი ადამიანის მონაჭორისა, ასეთ ტყუილზე რომ ეწყობა სიუჟეტები და შემდეგ ხდება დღის განხილვის თემა, ეს შორს არის რაკეთილსინდისიერი ჟურნალისტიკისგან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გუშინ, ლიკა ბასილაია-შავგულიძეზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წელს საქართველოში ჩამოსულ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე. აღნიშნულს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საელჩო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა.