შალვა პაპუაშვილი - აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ რაც დღეს ამხილა, იმაზე ჩვენ ბოლო წლებია, ვსაუბრობდით, ახლა საჭიროა სწორი დასკვნების გამოტანა და შემდეგი ნაბიჯების გადადგმა
ის, რაც დღეს ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა, ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ, უკვე ბოლო რამდენიმე წელია. ერთი ერთში გამართლდა, რაზე ჩვენ ვსაუბრობდით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამიტომ, ერთადერთი, რაც საჭიროა ახლა სწორი დასკვნების გამოტანა და აქედან გამომდინარე შემდეგი ნაბიჯების გადადგმა.
„ვამბობდით, თუ არა, რომ USAID-ი ჩართულია საქართველოში დესტაბილიზაციაში და ამხილა თუ არა ეს ახალმა ადმინისტრაციამ? ვამბობდით, თუ არა NED-ზე იმავეს და ამხილა თუ არა ეს ახალმა ადმინისტრაციამ? ვსაუბრობდით თუ არა რომ „ამერიკის ხმა“ და „რადიო თავისუფლება“ არიან პროპაგანდისტული ინსტრუმენტები და ამხილა თუ არა ეს ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ? ყველაფერს, რაც ჩვენ ვთქვით, ფაქტობრივად, სიტყვასიტყვით იმეორებს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია. აქ ერთადერთი ჩვენ რასაც მოველით, არის დასკვნა. დასკვნა მარტივია, ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გაუარესდა ზუსტად იმის გამო, რომ ორგანიზაციები, როგორიც არის USAID-ი, NED-ი, სხვადასხვა პროპაგანდისტული თუ ფულის მხარჯველი ორგანიზაცია დაკავებული იყვნენ საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრით, საქართველოს საზოგადოებაში ჯგუფების ერთმანეთზე წაკიდებით და შუღლის ჩამოგდებით, საზოგადოების ქსოვილის მოშლით, ეკლესიაზე თავდასხმით და ამით საზოგადოების გახლეჩით, ტრადიციულ ღირებულებებზე თავდასხმის დაფინანსებით და ამით საზოგადოების გათიშვით. საბოლოო ჯამში, ამის შედეგია ის გართულებული ურთიერთობები, რაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არის. ამიტომ, ერთადერთი, საჭირო არის ახლა სწორი დასკვნების გამოტანა და, აქედან გამომდინარე, შემდეგი ნაბიჯების გადადგმა.
მე ვამბობდი, რომ ურთიერთობების აღსადგენად თუ მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი იყო, წინა ადმინისტრაციას ეღიარებინა საკუთარი გადაცდომები და ხშირად მითქვამს კიდეც არა მხოლოდ აშშ-ის ადმინისტრაციის, არამედ სხვათა მიმართაც, რომ ბოდიში მოეხადათ ქართველი ხალხისთვის იმისთვის, რაც ქართველ ხალხს წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა ზოგიერთმა ორგანიზაციამ გაუკეთა, რათა გაეთიშა საზოგადოება და ძირი გამოეთხარა დემოკრატიისთვის. დღეს წინა ადმინისტრაციას რასაც ჩვენ ვსაყვედურობდით, დაადასტურა მოქმედმა ადმინისტრაციამ, იმ დონეზე დაადასტურა, რომ წინა პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს სანქციები დაადო, შეუწყვიტა წვდომა სხვადასხვა დონის საიდუმლო ინფორმაციაზე, რომელზეც ყოფილ თანამდებობის პირებს აქვთ ხოლმე წვდომა. ამით დაასანქცირა ბაიდენი, ბლინკენი და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები და გვესმის ჩვენ, რომ მათ ეძახიან პოლიტიკური დევნის ჩამდენებს. ახალი ადმინისტრაციისგან ჩვენ მოველით მხოლოდ სწორი დასკვნების გამოტანას, თუ რამ გააფუჭა ეს ურთიერთობები. ხელისგულზე დევს ყველაფერი, არაფერს არც ახსნა სჭირდება, არც განმარტება. თავად ახალი ადმინისტრაციის მიერ დადასტურებული არის, რას ჩადიოდა საქართველოს წინააღმდეგ ამერიკის ხალხის ფულის გამოყენებით ზოგიერთი ორგანიზაცია, ახლა ამას უბრალოდ სწორი დასკვნის გამოტანა სჭირდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.