შალვა პაპუაშვილი არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიისთვის ვადის გაგრძელებაზე ოპოზიციის განცხადებებს გასაკვირსა და გასაოცარს უწოდებს
შალვა პაპუაშვილი არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიისთვის ვადის გაგრძელებაზე ოპოზიციის განცხადებებს გასაკვირსა და გასაოცარს უწოდებს

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადება, რომ არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიისთვის ვადის გაგრძელება საჭირო აღარ არის, გასაკვირია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ოპოზიციის განცხადებები დაახლოებით იმ თემაზე გადის, რომ უნდა გამოცხადდეს ამნისტია იმ ექვსთვიან კამპანიაზე, რომელიც იყო ე.წ. ტოტალურ გაყალბებაზე დაფუძნებული.

„რაც მესმის ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, ცოტა მიკვირს. საზოგადოება ექვსი თვის განმავლობაში ოპოზიციისგან ისმენდა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ახლა საერთოდ ვერ ვხვდები, რაზეა საუბარი. შთაბეჭდილება მაქვს, ეს თემა დაახლოებით გადის იქ, რომ უნდა გამოცხადდეს ამნისტია იმ ექვსთვიან კამპანიაზე, რომელიც იყო ე.წ. ტოტალურ გაყალბებაზე დაფუძნებული. ესეც ალბათ არის შესაძლებლობა, ამაზე ვიმსჯელოთ, რომ ამნისტია გამოვაცხადოთ, რადგან ეს შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებაში გვაქვს, ამნისტია გამოცხადდეს და წინ გავიხედოთ, შეიძლება არსებობს ასეთი მიდგომა. ამასაც ალბათ ერთი პირობა უნდა ჰქონდეს, შეწყდეს დღეის იქით მაინც, არავინ არასდროს აღარ ახსენოს 31 ოქტომბრის არჩევნები რომ გაყალბდა, ეს იქნება სამართლიანი პირობა ამნისტიის გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით. სხვა მხრივ, სიმართლე გითხრათ, გაოცებული ვარ, ექვსი თვე ასეთ პირობებში იყო ეს ქვეყანა, სამი თვე პარლამენტს ბოიკოტს უცხადებდნენ პარტიები და ახლა ვითომც არაფერი. ვთქვათ, რა მოხდა, იყო კამპანია, დავივიწყოთ, წინ გავიხედოთ. მეც არ ვარ ამის წინააღმდეგი, წინ გავიხედოთ, გასაგებია იმ შეთანხმების სულისკვეთებასაც ვიზიარებ, მაგრამ თუ იქნება ამნისტია და დავიწყება ამ ექვსთვიანი კამპანიის რაც აგორებული იყო და დღემდე „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“ არიან იმავე ნარატივში ტყუილების, რომელიც შეეხება გაყალბებულ არჩევნებს. ერთადერთი პირობა ამნისტირების იქნებოდა ის, რომ დღეის იქით ყველამ შეწყვიტოს საუბარი იმაზე, თითქოს 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის სხდომაზე დღეს განაცხადეს, რომ არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიისთვის ვადის გაგრძელება საჭირო აღარ არის.

დატოვე კომენტარი