შალვა პაპუაშვილი - არჩევნებიდან თითქმის ხუთი თვის თავზეც „ისფედი“ არ ასაჯაროებს უბნების სიას, რომლის მონაცემებსაც პარალელური დათვლის დროს დაეყრდნო
შალვა პაპუაშვილი - არჩევნებიდან თითქმის ხუთი თვის თავზეც „ისფედი“ არ ასაჯაროებს უბნების სიას, რომლის მონაცემებსაც პარალელური დათვლის დროს დაეყრდნო

არჩევნებიდან თითქმის ხუთი თვის თავზეც „ისფედი“ ვერ აკმაყოფილებს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მინიმალურ სტანდარტსაც კი და არ ასაჯაროებს იმ უბნების სიას, რომლის მონაცემებსაც პარალელური დათვლის დროს დაეყრდნო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ ერთი თვის განმავლობაში დამალა, რომ პარალელური დათვლის შედეგები მცდარი იყო.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ორგანიზაციას დღემდე არ გამოუთქვამს წუხილი, რომ მათ მიერ მცდარი ინფორმაციის გავრცელებამ ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მიმართ შეურაცხმყოფელი ტალღის აგორებას შეუწყო ხელი.

„მოდი, მაშინ ის ვთქვათ, რაც საფუძვლიანი ბრალდებაა და დამტკიცდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი. „ისფედმა” იცოდა ეს და ერთი თვე (11 დეკემბრამდე) მალავდა. „ისფედმა” იცოდა ეს და 16 ნოემბერს, ჩვენთან შეხვედრისას პირდაპირ მოგვატყუა, რომ არანაირი შეცდომა არ არის. უბნების 8 პროცენტში მეტობა და 4 პროცენტი ცდომილება იყო მცდარი. მოკვლევის შემდეგ, 29 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში „ისფედმა” ეს დამალა, მხოლოდ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადეს, რომ შესწორების ოქმების გათვალისწინებით, მათი მონაცემები ცესკო-სას დაემთხვა, თუმცა, ეს გადამწყვეტი დაზუსტება დღემდე არ ასახულა მათ განცხადებაში ან „ისფედის” ვებგვერდზე. რაც მთავარია, არჩევნებიდან თითქმის ხუთი თვის თავზეც „ისფედი ვერ აკმაყოფილებს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მინიმალურ სტანდარტსაც კი და არ ასაჯაროებს იმ უბნების სიას, რომლის მონაცემებსაც პარალელური დათვლის დროს დაეყრდნო. დაბოლოს, სწორედ პარალელური დათვლის და ცესკო-ს შედეგების აცდენა იყო ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მიმართ  შეურაცხყოფის და სიძულვილის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი. „ისფედს დღემდე არ გამოუთქვამს წუხილი, რომ მათ მიერ მცდარი ინფორმაციის გავრცელებამ, ასეთი სიძულვილის ტალღის აგორებას შეუწყო ხელი. დანარჩენი თქვენ განსაჯეთ“, – აცხადებს პაპუაშვილი.

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხმების პარალელური დათვლის გაყალბების თაობაზე ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებები მიზნად ისახავს ორგანიზაციის რეპუტაციის დაზიანებას და მისი საქმიანობის პარალიზებას.