შალვა პაპუაშვილი – ბედნიერების მოლოდინი აქედანვე უნდა ჩავუმწაროთ, ვინც სამოხელეო დანაშაულისთვის იქნება გასამართლებული, უკუნითი უკუნისამდე დეკლარაცია უნდა შეავსოს
სამოხელეო დანაშაულისთვის ვინც იქნება გასამართლებული, 30 წლის განმავლობაში ქონებრივი დეკლარაცია უნდა შეავსოს, ვალდებულებას აიღებს, რომ მისი ფინანსები გამჭვირვალე იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე დაუსვეს კითხვა, რომელიც „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს ეხება.
„ეს იმ პოლიტიკის ნაწილია, რაც პრემიერ-მინისტრმა დააანონსა. კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით რეგიონში მოწინავე პოზიციაზე ვართ და კორუფციის სიმცირის მიმართულებით ნატო-სა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას ვუსწრებთ, თუმცა ჩვენი მიზანია, მსოფლიოს სამეულში ვიყოთ. ცვლილებების მიზანია, არავის ჰქონდეს ცდუნება და პატიმრობა რაღაც დიდ თანხად არ უღირდეს იმ გათვლით, რომ სასჯელს მოიხდის და მთელი ცხოვრება გადამალული თანხით კმაყოფილი, ბედნიერი იქნება. ამ ბედნიერების მოლოდინი აქედანვე რომ ჩავუმწაროთ – ვინც სამოხელეო დანაშაულისთვის იქნება გასამართლებული, 30 წლის განმავლობაში, უკუნითი უკუნისამდე დეკლარაცია უნდა შეავსოს. როგორც კი რაიმე გამოჩნდება, სახელმწიფომ უნდა მოჰკითხოს, საიდან აქვს ფული, შემთხვევით, გადამალული ხომ არ ჰქონდა. ვისაც ერთხელ წაუცდება ფეხი, კეთილი უნდა ინებოს და 30 წელი დეკლარაცია ავსოს. ეს არ ნიშნავს, რომ 30 წელი დამნაშავეა. ვალდებულებას აიღებს, რომ მისი ფინანსები გამჭვირვალე იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა მოამზადა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევა. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროსთვის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ყოველწლიურად 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნებათ საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ა(ა)იპ-ებში, სსიპ-ებში და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებს იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ კანონიერ ძალაში შევა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელეო ან ფინანსური დანაშაულების ჩადენისათვის.