შალვა პაპუაშვილი – არანაირი არჩევნები არანაირ სამხრეთ ოსეთში არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს არანაირი სამხრეთ ოსეთი და არანაირი დამოუკიდებელი აფხაზეთი, არსებობს საოკუპაციო რეჟიმი
არანაირი არჩევნები არ არსებობს ცხინვალსა და სოხუმში, არსებობს საოკუპაციო რეჟიმი და ჩვენი ამოცანაა, ეს ოკუპაცია დასრულდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სოხუმისა და ცხინვალის რეგიონები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და იქ ხელისუფლებას ახორციელებს რუსეთის ფედერაცია საოკუპაციო რეჟიმის ფორმით.
„არანაირი არჩევნები არანაირ სამხრეთ ოსეთში არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს არანაირი სამხრეთ ოსეთი, არ არსებობს არანაირი დამოუკიდებელი აფხაზეთი და ა.შ. „ქართულმა ოცნებამ“ სტრასბურგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ რუსეთი ორივე ამ ტერიტორიაზე ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, რაც გულისხმობს იმას, რომ რუსეთს აქვს ეს ორივე ტერიტორია ოკუპირებული. შესაბამისად, ორივე ამ ტერიტორიაზე ხელისუფლებას ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. სხვა დანარჩენს აქ არანაირი შინაარსი და დატვირთვა არ აქვს. დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხელისუფლებას სრულად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია.
ასეთ საკითხებთან დაკავშირებით ნებისმიერ განხილვაში შესვლა, უკვე წარმოაჩენს ამ საკითხს ისე, თითქოს, ექვემდებარება განხილვას, არგუმენტებს და გადაწყვეტილების მიღებას. ქართველი ხალხისთვის ეს დიდი ხანია ფაქტია და ასევე ეს არის საერთაშორისო სამართლებრივი ფაქტი მას შემდეგ, რაც არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენ გვაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება და არა რომელიმე პოლიტიკური რეზოლუცია. გვაქვს სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რუსეთს აქვს ოკუპირებული ეს ორი ტერიტორია და აქ ხელისუფლებას ახორციელებს რუსეთის ფედერაცია საოკუპაციო რეჟიმის ფორმით. ასე რომ, ნებისმიერ საკითხში შესვლა, რომ ახლა იქ არჩევნები არის, თუ არ არის, ნიშნავს, რომ უნდა განვიხილოთ ლეგიტიმურია თუ არალეგიტიმური. ნული დატვირთვა აქვს. ამას განხილვაც კი არ სჭირდება, წლებია, ჩვენც ვიცით და სასამართლოს დოკუმენტი გვიჭირავს ხელში. არანაირი არჩევნები არ არსებობს ცხინვალსა და სოხუმში, არსებობს საოკუპაციო რეჟიმი და ჩვენი ამოცანაა, არა ის დავაკვირდეთ არჩევნებია თუ არა და ვინ გაიმარჯვა, არამედ ეს ოკუპაცია დასრულდეს. ჩვენი მთავარი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით არის ის, რომ რუსეთმა აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის მათ შორის მთავარი ბარიერი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობაში. აღიარება იქნება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და ყველა ეს ბარიერი მოიხსნება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.