შალვა პაპუაშვილი – არაფერი გვაქვს გასაყოფი ევროპასთან, როგორც ცივილიზაციურ სივრცესთან, არც ევროკავშირთან გვაქვს პრობლემა, პრობლემა გვაქვს ბრიუსელთან, რომელიც ამრუდებს ევროკავშირის ღირებულებებს
კომისარმა კოსმა კიდევ ერთხელ გაამხილა, რა განწყობებია დღეს ბრიუსელში კანდიდატი ქვეყნების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საუბარია იმის შესახებ, რომ ევროკავშირში ახალი წევრების მიღება მოხდება გარკვეული წინაპირობებით და ისინი არ იქნებიან სრულფასოვანი წევრები.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელი ევროკავშირს დღეს ახედებს ცივილიზაციურ უფსკრულში, რასაც შველა სჭირდება.
„იცით, რომ მიდის საუბარი – წლის ბოლომდე ეს საკითხი გაირკვევა, მალე უკვე პროექტი უნდა იყოს ცნობილი – რომ ახალი წევრების მიღება მოხდება გარკვეული წინაპირობებით, რომლებიც გულისხმობს, რომ სრულფასოვანი წევრები არ იქნებიან. როგორც ჩანს, მიდის იქითკენ, რომ სურთ, კანდიდატებს შესთავაზონ ევროკავშირის რაღაც ორ კლასად დაყოფილი წევრები, ისინი, რომლებიც არიან უფრო აღმატებული, ასე ვთქვათ, არისტოკრატები ევროკავშირში და მდაბიო წევრები, ახალი წევრები ევროკავშირისა.
ჩვენ მოვისმინეთ მართლაც გამაოგნებელი ინიციატივები, რომ მაგალითად, არ ჰქონდეთ მათ ვეტოს უფლება. ანუ ისეთ ძირეულ საკითხებს, როგორიც არის საგარეო პოლიტიკა, ფინანსები და ა.შ. მრგვალი მაგიდის გარშემო ზიხარ, ვითომ უნდა იყო თანასწორი და შენს ნაცვლად წყვეტენ სხვები, შენ არ გაქვს ხმა. გვერდზე გიზის სხვა ქვეყანა, რომელიც არის სრულფასოვანი და შენ არ ხარ სრულფასოვანი. ასეთ იდეებამდე მიდის. მისი მოწოდებაც, რომ ქვეყნებმა თავი შეიკავონ „მაგას“ მოძრაობასთან ურთიერთობებისგან, ანუ ტრამპთან ურთიერთობისგან, ვინაიდან მოძრაობა „მაგა“ არის ტრამპის იდეოლოგიური საძირკველი და საფუძველი, მისი მხარდამჭერი, მიმართული იყო კანდიდატი ქვეყნების და არა წევრი ქვეყნების მიმართ. თან თვითონ უნდა ჰქონდეთ და კანდიდატები ვართ რაღაცა მეორეხარისხოვანი ხალხი, ქვეყანა, თუ ერი, რომელსაც გვეკრძალება, ურთიერთობა გვქონდეს „მაგასთან“.
ასევე იყო ჩინეთთანაც. გვიკრძალავენ, ეჭვის თვალით, თუ ცერად გვიყურებენ, რომ ჩინეთთან არ ჰქონდეს კანდიდატ ქვეყნებს ურთიერთობა. ყველას სხვათ აშორის, ჩვენამდე სხვა კანდიდატი ქვეყნები გვიყვებოდნენ, ამას არ ვიჯერებდით. გვქონდა ხოლმე შეხვედრები ბალკანეთის ქვეყნებთან და გვიყვებოდნენ, ჩინეთთან დაკავშირებით რა ისტერიას უწყობდა მათ ბრიუსელი, რომ არ ეთანამშრომლათ ჩინეთთან გარკვეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში და არ აეღოთ სესხი ჩინეთისგან, აშინებდნენ, რომ იქნებოდა კაბალური პირობები და არ დაეკონტრაქტებინათ ჩინური კომპანიები, ეუბნებოდნენ, ჩვენ მოგცემთ ფულსო, შემდეგ ევროკავშირი აძლევდა ფულს და თვითონ აკონტრაქტებდა ჩინურ ორგანიზაციებს.
ასეთ აბსურდებზე გვესაუბრებოდნენ, არცკი მჯეროდა, მაგრამ ჩვენთან დაკავშირებით რაც გვესმის მათი მხრიდან ჩინეთზე, იგივეა. ანუ, კანდიდატ ქვეყნებს ჩინეთთანაც გვიკრძალავენ, თვითონ მშვენივრად ჩადიან პეკინში, შეხვედრებიც აქვთ, პარტნიორობაზე, სავაჭრო ურთიერთობაზე საუბრობენ და ჩვენ გვიკრძალავენ. ბრიუსელში დღეს რაც ხდება, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მართლაც გამაოგნებელ დამოკიდებულებას. ეს არის სწორედ ის ცივილიზაციური უფსკრული, რაშიც ახედებს დღეს ბრიუსელი ევროკავშირს და ამას სჭირდება შველა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საქართველოს პრობლემა აქვს არა ევროპასთან და ევროკავშირთან, არამედ ბრიუსელთან, რომელიც დღეს ამრუდებს ევროკავშირის ღირებულებებს.
„როცა ვსაუბრობთ ევროპასთან გართულებულ ურთიერთობაზე, ჩვენ არაფერი გვაქვს გასაყოფი ევროპასთან, როგორც კულტურულ, ცივილიზაციურ სივრცესთან, ეს არის ჩვენი სივრცე და ჩვენ ამისი თანაშემოქმედი ვართ. ჩვენთვის ამის უარყოფა საკუთარი თავის უარყოფაა, ჩვენ ვართ ამის შემოქმედები. საქართველო თანაშემოქმედია ბევრი რამის, რაც ევროპაში არსებობს. მათ შორის, დემოკრატიისაც. მეოცე საუკუნის დასაწყისს თუ შეხედავთ, არჩევნები სად იყო, ქალთა საარჩევნო უფლებები პირველი სად იყო, საქართველო მოწინავე ვიყავით. ჩვენ არც ევროკავშირთან არ გვაქვს პრობლემა, ვინაიდან იმ სადამფუძნებლო დოკუმენტებსა და პრინციპებს, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი, სრულად ვიზიარებთ და ამიტომ გვინდა ამ ორგანიზაციის წევრობა, მაგრამ ჩვენ პრობლემა გვაქვს ბრიუსელთან. ბრიუსელი დღეს ამრუდებს ევროკავშირის ღირებულებებს, უკან წევს ევროკავშირს იმ ღირებულებებისგან, რომელზეც იყო დაფუძნებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ისლანდიაში გამართულ რეფერენდუმზე და აღნიშნა, რომ ისლანდიაში, სინამდვილეში, რეფერენდუმი წააგო ბრიუსელმა.
„წააგო არა ევროკავშირის წევრობის, არამედ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ რეფერენდუმი. ანუ, მოლაპარაკების დაწყებაც კი არ უნდა ისლანდიელ ხალხს ევროკავშირთან. რატომ? მთავარი საკითხი რაც იყო, ეს არის სუვერენიტეტი და შემდეგ საკითხად იყო, თითქოს ისლანდიელებმა თევზჭერის რეგულაციების გამო უარი თქვეს საკუთარ ევროპულ მომავალზე, როგორც ასე შეფუთავენ ხოლმე. თევზჭერის რეგულაციები არის, მაგრამ ევროკავშირმა უთხრა, რომ ისლანდიისთვის დააწესებდა სპეციალურ წესებს, დაუდებდა სპეციალურ ხელშეკრულებას, რომლითაც ისლანდია შეინარჩუნებდა იმ თევზჭერის წესებს, რომლებიც იყო. გამონაკლისს უშვებდნენ, ეს პირობა მისცეს, მაგრამ ხალხმა რა ქნა, რატომ მიიღო უარი ამ რეფერენდუმზე ბრიუსელმა? – არ დაუჯერა, ეს არის მთავარი. საკუთარი თავქარიანი ქცევით ბრიუსელმა ნდობა დაკარგა ევროპელ ხალხში. ისლანდია ამის კარგი მაგალითია, როგორც რეფერენდუმი. თუ შევხედავთ ქვეყნებს შიგნით არჩევნებს, გერმანიაში, საფრანგეთში, სხვა ქვეყნებში, ეს პირდაპირი გამოხატულებაა არა მხოლოდ შიდაპოლიტიკური მარცხისა იმ პარტიების, რომლებიც არასწორად მართავენ ქვეყნებს, არამედ იმ პარტიების საგარეო პოლიტიკური და უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირთან დაკავშირებული პოლიტიკის გამო. ბოლო არჩევნები გერმანიაში სწორედ ამის დასტურია, სადაც გერმანიის მმართველი პარტია კატასტროფულად დამარცხდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.