შალვა პაპუაშვილი – არაერთი ფაქტი ადასტურებს ევროკავშირის ფარისევლობას, გვიკრძალავდნენ სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან, ახლა აღმოჩნდა, რომ თავად ზრდიან რუსეთიდან თხევადი გაზის ექსპორტს
ვხედავდით, როგორ გვიკრძალავდნენ ყველანაირ სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან, მოგვიწოდებდნენ, ფაქტობრივად, დაგვეზარალებინა ეკონომიკის სხვადასხვა სფერო, ახლა აღმოჩნდა, რომ თავად არიან რეკორდსმენები და ზრდიან რუსეთიდან თხევადი გაზის ექსპორტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აქ ჩანს ევროკავშირის ფარისევლობა, რომლითაც, ერთი მხრივ, მათი საჯარო განცხადებები და, მეორე მხრივ, მათი კონკრეტული ქმედებებია გამოაშკარავებული.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და არაერთი ფაქტი ყოფილა, რომელიც ადასტურებს ფარისევლობას, რომელსაც ჩვენ ევროკავშირისგან ვხედავთ საქართველოს მიმართ. ერთი მხრივ, ვხედავდით, როგორ გვიკრძალავდნენ ყველანაირ სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან, მოგვიწოდებდნენ, ფაქტობრივად, დაგვეზარალებინა ეკონომიკის სხვადასხვა სფერო. განსაკუთრებით, მათ შორის, მეღვინეობა, სოფლის მეურნეობა. შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ლიეუტვა იყო ყველაზე დიდი ღვინის ექსპორტიორი მთელ მსოფლიოში, რუსეთში. ახლაც ამას ვხედავთ, ნავთობპროდუქტებსა და ენერგორესურსებთან დაკავშირებით, იქნება გაზი თუ ნავთობი, როგორ ცდილობდნენ საქართველოს დაყოლიებას, რომ არ მომხდარიყო იაფი ენერგორესურსების შესყიდვა რუსეთიდან, აგვეკრძალა ჩვენი ბიზნესისთვის საწვავი და სხვა ენერგომატარებლები შემოეტანათ. ახლა აღმოჩნდა, რომ თავად არიან რეკორდსმენები და ზრდიან რუსეთიდან თხევადი გაზის ექსპორტს. თანხობრივად რომ ავიღოთ, მთელი ჩვენი ვაჭრობა, რაც არის წელიწადში, თვე-ნახევარში უხდიან ისინი რუსეთს მარტო თხევად გაზში. რუსეთიდან იმპორტი ჩვენთან წელიწადში არის დაახლოებით მილიარდ-ნახევარზე ცოტა მეტი. ერთ მილიარდს მარტო თხევად გაზში უხდის ევროკავშირი რუსეთს. აქაც ჩანს ის ფარისევლობა, რომლითაც, ერთი მხრივ, მათი საჯარო განცხადებები და, მეორე მხრივ, მათი კონკრეტული ქმედებებია გამოაშკარავებული“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ევრონიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის პირველ ათ თვეში ევროკავშირმა არქტიკიდან მიღებულ რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე 8.7 მილიარდ ევრომდე დახარჯა, რაც 21%-ით აღემატება 2025 წლისთვის ნავარაუდევ მთლიან დანახარჯს.