შალვა პაპუაშვილი - არ უნდა დაგვავიწყდეს მშვიდობის სიმყიფე და პასუხისმგებლობა, რომელიც პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აქვს, რათა ქვეყანაში ომი არ დაუშვას
დღეს ჩვენ ვიხსენებთ აგვისტოს ომში დაღუპულ სამხედროებს და სამოქალაქო პირებს, ვიხსენებთ 16 წლის წინ, აგვისტოს იმ მძიმე დღეებს, რომლებიც ყველამ ერთად განვიცადეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.
მისივე თქმით, არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მყიფეა ზღვარი ომსა და მშვიდობას შორის.
„ჩვენი გმირი სამხედროები, რომლებიც ცეცხლის წინა ხაზზე იყვნენ, სამოქალაქო პირები, რომლებიც ომის ეპიცენტრში მოყვნენ და მთლიანი საქართველო, რომელიც განსაკუთრებით მძიმედ განიცდიდა იმ აგრესიას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობდა. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს დღეები, როცა ხალხი, როგორც წესი, დასვენებისკენ არის მომართული, მაგრამ როგორ უცებ მოიღრუბლა და გადაიქცა ბედნიერი დღეები ტრაგიკულ დღეებად. არ უნდა დაგვავიწყდეს მშვიდობის სიმყიფე და, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობა, რომელიც პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აქვს, რათა ქვეყანაში არ დაუშვას ომი. ეს არის ის, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“, ბოლო 12 წელია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.