შალვა პაპუაშვილი - არ არის აუცილებელი, დაველოდოთ უცხოური გამოცემების შეფასებებს, ჩვენი საზოგადოებისთვისაც ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი აქ სამშვიდობოდ არ შემოდიოდა
შალვა პაპუაშვილი - არ არის აუცილებელი, დაველოდოთ უცხოური გამოცემების შეფასებებს, ჩვენი საზოგადოებისთვისაც ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი აქ სამშვიდობოდ არ შემოდიოდა

ვფიქრობ, არ არის აუცილებელი, რომ ჩვენ დაველოდოთ უცხოური გამოცემების შეფასებებს, ეს შეფასება ჩვენი საზოგადოებისთვისაც ცხადია. მიხეილ სააკაშვილი აქ სამშვიდობოდ არ შემოდიოდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ამერიკული გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კრემლისთვის სასარგებლოდ თამაშობს, როდესაც ცდილობს არეულობის გაღვივებას და უსაფრთხოების სამსახურებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.

„არავინ არ არღვევს აქ საზღვარს უკანონოდ იმისთვის, რომ მშვიდობა მოუტანოს ამ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ცხადია და ის პირდაპირაც ამბობდა, რომ მისი მიზანი იყო სწორედ ის, რომ არჩევნების შემდეგ გამოეწვია არეულობა საზოგადოებაში, ის, რასაც ვხედავ ახლა პატარა მასშტაბით, იგივე დღეს ზუგდიდში რაც ხდება, ეს მასშტაბი ყოფილიყო უფრო დიდი და არეულობა ყოფილიყო დიდი. სწორედ ეს იყო მიზანი და სწორედ ეს მიზანი ჩაეშალა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.