შალვა პაპუაშვილი - აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობის ერთი ფაქტი როგორც კი მოხდება, პასუხისმგებლობა ექნება ევროკომისიას მისი პრესსპიკერის სახით, არავის ვურჩევ, ძალადობას მიმართოს
შალვა პაპუაშვილი - აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობის ერთი ფაქტი როგორც კი მოხდება, პასუხისმგებლობა ექნება ევროკომისიას მისი პრესსპიკერის სახით, არავის ვურჩევ, ძალადობას მიმართოს

დღევანდელი დღის შემდეგ, „ნაცმოძრაობა“, „ახალი“ და სხვები, ვინც არჩევნების ჩაშლას ცდილობენ, ასევე, „ენჯეოები“, რომლებიც ხალხს არჩევნების ჩაშლისკენ მოუწოდებენ, ექსტრემისტები იქნებიან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის დამოკიდებულება შესაბამისი იქნება ექსტრემისტების მიმართ.

„რაც არ უნდა ტრაგიკული იყოს ის მომენტი, რომ ოფიციალურად ემიჯნება დემოკრატიას რამდენიმე პარტია და „ენჯეო“, ამავე დროს, ეს არის სასარგებლო პროცესი დემოკრატიისთვის, რადგან სრულად ხდება წითელი ხაზის გავლება საქართველოს პატრიოტებს, დემოკრატებს და რადიკალებს, ექსტრემისტებს და უცხო ძალების დაკვეთით მოქმედ პარტიებს, თუ „ენჯეოებს“ შორის. პარტიები, რომელთაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს და არჩევნების ჩაშლას ცდილობენ, დღევანდელი დღის შემდეგ, ყველა დეფინიციით, არ არსებობს ქვეყანა, კონსტიტუცია და კანონმდებლობა, რომელიც მათ ამ ქმედებას ექსტრემიზმს არ უწოდებს. დღევანდელი დღის შემდეგ, „ნაცმოძრაობა“, „ახალი“ და სხვები, ვინც არჩევნების ჩაშლას ცდილობენ, ექსტრემისტული პარტიები იქნებიან. „ენჯეოები“, რომლებიც ხალხს არჩევნების ჩაშლისკენ მოუწოდებენ, ექსტრემისტები იქნებიან. ჩვენი და ქართველი ხალხის დამოკიდებულება შესაბამისი იქნება ექსტრემისტების მიმართ. ვინც ამათ დააფინანსებს, ჩაითვლებიან ექსტრემიზმის დამფინანსებლად. ქვეყანა არ არსებობს, სადაც ასეთი ქმედება ექსტრემიზმად არ ჩაითვლება. ეს პროცესი ჩვენი დემოკრატიისთვის სასარგებლოა, რადგან ექსტრემისტებს მარგინალური კუთხე ექნებათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისვე თქმით, დღევანდელი აქციის მონაწილეთა მხრიდან როგორც კი ძალადობის ერთი ფაქტი მოხდება, პასუხისმგებლობა ევროკომისიას ექნება, მისი პრესსპიკერის სახით.

„რაც შეეხება დაანონსებულ ძალადობას, ვაკვირდებით, პროცესს, როგორ იქნება. დიდი იმედგაცრუებაა, რადგან ევროკომისიის პრესსპიკერის მხრიდან ვიხილეთ დაანონსებული ძალადობრივი აქციის მხარდაჭერა. როგორც კი, აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობის ერთი ფაქტი მოხდება, პასუხისმგებლობა ევროკომისიას ექნება, მისი პრესსპიკერის სახით. რა თქმა უნდა, მათ მიმართაც პოლიტიკური კითხვები გვექნება. მშვიდობიანი აქციის უფლება გარანტირებულია, მაგრამ არავის ვურჩევ, ძალადობის ერთ ფაქტსაც კი მიმართოს“, – აღნიშნა პაპუაშილმა.