შალვა პაპუაშვილი – ანტიქართული რიტორიკა აცდენილია ამერიკელი ხალხის ნებას და იმედია, რომ აშშ-ის ხელისუფლება ამერიკელი ხალხის ნების მიხედვით იმოქმედებს
საქართველოს ხელისუფლება არასდროს მოქმედებს არცერთი ქვეყნის შანტაჟის ქვეშ, მგონი, ეს ბევრმა დაინახა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ქართველი ხალხი საკუთარ ინტერესებს არ დათმობს.
„ჩვენ მიმართ სანქციები ახალი არ არის. როგორც სხვა დროს, სხვა ქვეყნებიდან სანქციებზე ქართველი ხალხის პასუხი იყო, რომ არავინ დათმობს თავის ეროვნულ ინტერესებს, ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. ჩემი მოლოდინია, რომ ასეთი ენით, ასეთი ინსტრუმენტებით სტრატეგიული პარტნიორი პარტნიორს არ უნდა ელაპარაკებოდეს. ჩვენ ამერიკელ ხალხთან გვაქვს აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება და ვფიქრობ, ეს განცხადებები აცდენილია ამერიკელი ხალხის ნებას. ამერიკელი ხალხი ნამდვილად აფასებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, ჩვენი ჯარისკაცების გვერდით დგომას ავღანეთში, როცა ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ვიდექით. ამიტომ ასეთი ანტიქართული რიტორიკა აცდენილია ამერიკელი ხალხის ნებას და იმედი მაქვს, რომ ამერიკის ხელისუფლება ამერიკელი ხალხის ნების მიხედვით იმოქმედებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.