შალვა პაპუაშვილი – ანტიქართული რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფების მიერ დამტკიცდა, არის სკანდალი თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისთვის
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელი გადაწყვეტილებითაც კიდევ ერთხელ გამოააშკარავდა, რომ ამგვარ ორგანიზაციებს ღრმა, ყოვლისმომცველი გადატვირთვის გარეშე პერსპექტივა არ აქვთ და პოლიტიკური ინტრიგების, შურისძიებისთვის ჩვეულებრივ იარაღად იქცევიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ „ჰააგის დეკლარაციის“ მიღების თაობაზე, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს.
„ის, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოირღვა, არა იმდენად იმით დასტურდება, რომ ახალი ომები იწყება, არამედ იმით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები იქცნენ ინსტრუმენტად პოლიტიკური ომებისა. ამას ვაკვირდებით, მათ შორის, საქართველოს მაგალითზე, როდესაც სხვადასხვა პლატფორმაზე ამგვარი ორგანიზაციების ბოროტად გამოყენება ხდება საკუთარი პოლიტიკური შურისძიებისთვის. სამწუხაროა, რომ ეს ორგანიზაციები ამგვარ პოლიტიკურ დაჯგუფებებს აძლევენ უფლებას, მათ ხელში იყვნენ იარაღი. დღეს, ფაქტობრივად, ვხედავთ, რომ ის ორგანიზაციები, რომელთა მიზანი უნდა ყოფილიყო მშვიდობის, თანამშრომლობის ხელშეწყობა და წახალისება, ყალბი ნარატივების შეთხზვის, გავრცელების, კონფლიქტების გაღვივების, ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების ინიციატორებად იქცნენ. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელი გადაწყვეტილებითაც კიდევ ერთხელ გამოააშკარავდა, რომ ამგვარ ორგანიზაციებს ღრმა, ყოვლისმომცველი გადატვირთვის გარეშე პერსპექტივა არ აქვთ და პოლიტიკური ინტრიგების, შურისძიებისთვის ჩვეულებრივ იარაღად იქცევიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, რას შეიძლება დაუკავშიროთ საქართველოსთან მიმართებით ევროპელი პოლიტიკოსების მიდგომა, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს მიღებული რეზოლუციით გააყალბა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა.
„ჩვენ ჩვენი გვტკივა ყოველთვის და ჩვენს საკითხს ვუყურებთ. სხვა ქვეყნებსაც, შეიძლება, მსგავსი გამოწვევები ჰქონდეთ, მაგრამ იმ რეზოლუციით, რომელშიც ჯო უილსონმა კვლავ დაგვანახა თავისი სახე და თავისი თავი შეგვახსენა, საქართველოსთან მიმართებით ვნახეთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ გააყალბა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა. ფაქტების ნაცვლად, გვაქვს მანიპულაციები, არის საქართველოს წინააღმდეგ ყალბი ნარატივების შეთხვზის მცდელობები. ასე რომ, ამგვარი ანტიქართული რეზოლუცია, რომელიც დღეს იქნა დამტკიცებული იმ ჯგუფების მიერ, რომლებსაც საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვთ, არის სკანდალი თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისთვის. ეს ერთი და იგივე ხალხია, ერთი და იგივე სახეები. იქნება ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთო თუ სხვა მსგავსი ფორმატები, ერთი და იგივე სახელები, გვარები, სახეები ტრიალებენ. ერთ კვირას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ესხმიან თავს საქართველოს, ანტიქართულ დოკუმენტებს თხზავენ, მეორე კვირას – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, მესამე კვირას – ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში. ერთი და იგივე ადამიანები არიან, რომლებიც მოჩენილი არიან საქართველოზე, რათა რაიმენაირად დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. მათი ქცევა არის დასტური, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. მეცხრამეტე საუკუნის წესებით მოქმედებენ ეს ადამიანები, რომლებიც მზად არიან, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განსახორციელებლად მთელ ქვეყანას სხვადასხვა ინსტრუმენტით თავს დაესხან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.