შალვა პაპუაშვილი - ანტიკორუფციულ საქმიანობაზე საკანონმდებლო ცვლილებები წინ გადადგმული ნაბიჯია, იქნება ახალი ბიურო, რომელიც ამ მიმართულებით პოლიტიკას მიაქცევს ყურადღებას 
შალვა პაპუაშვილი - ანტიკორუფციულ საქმიანობაზე საკანონმდებლო ცვლილებები წინ გადადგმული ნაბიჯია, იქნება ახალი ბიურო, რომელიც ამ მიმართულებით პოლიტიკას მიაქცევს ყურადღებას 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ანტიკორუფციულ საქმიანობაზე საკანონმდებლო ცვლილებები წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ცვლილებების ფარგლებში შეიქმნება ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც ამ მიმართულებით არსებულ პოლიტიკას მიაქცევს ყურადღებას.

მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნის ის მოდელი, რომელიც წარმოდგენილია, შენიშვნის ობიექტი არ უნდა გახდეს.

„ეს ცვლილებები წინ გადადგმული ნაბიჯია იმ თვალსაზრისით, რომ საკითხების კონცეტრირება ერთი ბიუროს ქვეშ ხდება და ახალი ბიურო იქნება, რომელიც ყურადღებას მიაქცევს ამ მიმართულებით არსებულ პოლიტიკას. სხვათა შორის, ეს საერთაშორისო გამოცდილებაა. არის ქვეყნები, რომელთაც სწორედ ასეთი ინსტიტუტები აქვთ და ეს კარგ გამოცდილებად ითვლება.

რაც შეეხება ხელმძღვანელების დანიშვნის მოდელს, ყველას შევახსენებ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გაყოფილ ნაწილებშიც ზუსტად ეს სტანდარტია გატარებული, რომელიც ახლა არის შემოთავაზებული. ზუსტად ეს სტანდარტი იყო მოწონებული ევროპის მხრიდან, როგორც შესაბამისი სტანდარტი, რომ ასეთი დაწესებულებების ხელმძღვანელები იყვნენ შერჩეული და დანიშნული. ამიტომ, ეს არის სტანდარტი, რაზეც აქამდე შენიშვნა არავის ჰქონდა და ცოტა გასაკვირია, ახლა რატომ უნდა გახდეს შენიშვნის ობიექტი, თუ ამის უკან რაიმე სუბიექტური ინტერესი არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.