შალვა პაპუაშვილი - ანა ნაცვლიშვილს ახასიათებს მორალური პედესტალის აგება, შემდეგ მასზე ასვლა და იქიდან საუბარი
შალვა პაპუაშვილი - ანა ნაცვლიშვილს ახასიათებს მორალური პედესტალის აგება, შემდეგ მასზე ასვლა და იქიდან საუბარი

ქალბატონ ანას ახასიათებს მორალური პედესტალის აგება, შემდეგ მასზე ასვლა და იქიდან საუბარი, – განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მოუსმინეს.

სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა ანა ნაცვლიშვილის განცხადება წაიკითხა, სადაც იგი ამბობს, რომ მხარს არ დაუჭერს ცესკო-ს თავმჯდომარეობის არც ერთ კანდიდატს, მიუხედავად მათთან ახლობლობისა და კავშირებისა.

პაპუაშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატს გიორგი სანტურიანს ჰკითხა, როგორ ფიქრობს, არის თუ არა საჯარო მოხელისადმი ასეთი ტექსტები კლიშეს მიწებება პოლიტიკოსის მხრიდან, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, იყოს მმართველი და საჯარო მოხელეებისთვის პოლიტიკის განმსაზღვრელი.

„მე წაგიკითხავთ ქალბატონი ანა ნაცვლიშვილის სტატუსს. მოგეხსენებათ, ქალბატონი ანა გახლავთ ფრაქცია „ლელოს“ წევრი, რომლებმაც საარჩევნო რეფორმას მხარი არ დაუჭირეს და ცესკო-ს წევრების შერჩევასაც, როგორც საარჩევნო რეფორმას გამოუცხადეს ბოიკოტი, ასევე ცესკო-ს წევრების და თავმჯდომარის შერჩევასაც უცხადებენ ბოიკოტს. ვციტირებ: „ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატად პრეზიდენტისთვის წარდგენილ ორივე კანდიდატს ვიცნობ პირადად, ორივე ჩემი თანაქალაქელია. გიორგი კალანდარიშვილი არის ჩემი სკოლელი და ბევრი ნაცნობ-მეგობრებით ვართ დაკავშირებული. ბოლო წლებში პროფესიულადაც გადავიკვეთეთ რამდენჯერმე სულ დადებით კონტექსტში. გიორგი სანტურიანი იყო საია-ს ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე ჩემი საია-ს თავმჯდომარეობის დროს. ბევრი ადამიანური და პროფესიული კომპლიმენტი შემიძლია ვთქვა მისი მისამართით. ამ ახლობლობის და კავშირების მიუხედავად მე ვერც ერთ მათგანს ვერ დავუჭერ მხარს ამ თანამდებობაზე. ცესკო-ს თავმჯდომარე, განსაკუთრებით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით უნდა იყოს ძალიან მაღალი ნდობის მქონე, საზოგადოების ფართო წრეებსა და პოლიტიკურ სპექტრში, ამას რეპუტაციაშელახული, სისტემის შიგნიდან გამოსული კადრი ფაქტობრივად გამორიცხავს. მეგობრობა ადამიანის პირადი საკითხია,საჯარო გადაწყვეტილების მიღების დროს მე საჯარო პირი ვარ და საჯარო ვალდებულებები მაკისრია. ცესკო-ს სჭირდება ნდობა“.

ქალბატონ ანას ახასიათებს მორალური პედესტალის აგება, შემდეგ მასზე ასვლა და იქიდან საუბარი. როგორც ჩანს, ამ პედესტალიდან არის ეს ტექსტიც დაწერილი. მინდა გკითხოთ, თქვენ ხართ საჯარო მოხელე, ამავე დროს, როგორც აქედანაც ირკვევა და თქვენი ბიოგრაფიიდანაც ვიცით, იყავით არასამთავრობო სექტორში – საია-ში. რა არის იყო საჯარო მოხელე და თქვენ როგორ გრძნობთ, არის თუ არა ასეთი ტექსტები კლიშეს მიწებება საჯარო მოხელისადმი პოლიტიკოსის მხრიდან, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, იყოს მმართველი და საჯარო მოხელეებისთვის პოლიტიკის განმსაზღვრელი. თქვენი დამოკიდებულება მაინტერესებს ზოგადად, არის თუ არა ეს კლიშეს მიწებება საჯარო მოხელისადმი და შეიძლება თუ არა საჯარო მოხელე იყოს პატიოსანი და პრინციპული”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის გიორგი სანტურიანის თქმით, ის, რომ ადამიანები ან კანდიდატები გარკვეულ დროს გარკვეულ ადგილას არიან, არ ნიშნავს, რომ ასეთ ადამიანებს ხაზი გადავუსვათ.

„ეს არის სტიგმატიზება, პოლარიზებას ზუსტად ეს უწყობს ხელს. მითხარით დასაბუთება, რატომ უნდა დაიწყოს ადამიანმა საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობა, თუ თავიდანვე იცის, რომ ყოველთვის იქნება შედეგით უკმაყოფილო ადამიანი და ის ყოველთვის მოხვდება კრიტიკის ქვეშ. ყოველთვის იარსებებს რისკი, რომ მას ეტყვიან – იცი, გაყალბების პრეზუმფციის არსებობის ფარგლებში შენ იქნები გამყალბებელი. მე ვფიქრობ, მსგავსი მოსაზრებები ასე უპირობოდ, აპრიორი გასაზიარებელი არ არის“, – განაცხადა გიორგი სანტურიანმა.