შალვა პაპუაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში სერბეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას.

„შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და სერბეთს შორის ურთიერთობები საერთო ევროპულ ღირებულებებსა და მომავლის საერთო ხედვას, მათ შორის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მიზანს, ეფუძნება. პარლამენტის თავმჯდომარემ სერბულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და დაადასტურა სერბეთის ტერიტორიული მთლიანობისადმი ქართული მხარის ურყევი მხარდაჭერა.

ალექსანდრ ვუჩიჩმა აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობები. მისი თქმით, მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობის წარმატებით დასრულება, ბიზნესის წარმომადგენლებს შორის კავშირების გაძლიერება, ასევე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაზრდა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა სერბეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ჩამოყალიბება.

მხარეებმა განიხილეს გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ბოლო განცხადება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის მომავალ წევრებს, შესაძლოა, არ მიენიჭოთ იგივე ხმის უფლება, როგორიც მოქმედ წევრებს აქვთ. მხარეებმა აღნიშნეს, რომ არსებული სიტუაციის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და ერთობლივი მიზნების დასახვა. ალექსანდრ ვუჩიჩმა შალვა პაპუაშვილი სერბეთის რესპუბლიკაში მიიწვია.

შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სოზარ სუბარმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გელა სამხარაულმა, სერბეთთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ირაკლი მეზურნიშვილმა“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.