შალვა პაპუაშვილი - ახალი საპარლამენტო არხის დაარსებით ქართული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებას ვიწყებთ
შალვა პაპუაშვილი - ახალი საპარლამენტო არხის დაარსებით ქართული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებას ვიწყებთ

მოხარული ვარ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი, საპარლამენტო არხის დაარსებით ქართული დემოკრატიისათვის მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებას ვიწყებთ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე.

მისივე განცხადებით, დემოკრატიული საზოგადოებისთვის სანდო ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომა ჰაერივით აუცილებელია.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, საქართველოში მედიაგარემო დღეს უფრო თავისუფალია, ვიდრე ოდესმე, მაგრამ დემოკრატიულ სახელმწიფოში გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები მუდმივად უფრო და უფრო მაღალ საფეხურზე უნდა ადიოდეს.

„საქართველოს პარლამენტი ღიაობითა და გამჭვირვალობით ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიო საკანონმდებლო ორგანოებს შორის, რაც არაერთხელაა აღიარებული ღია მმართველობის პარტნიორობის მიერ. დღეს, საპარლამენტო არხის გახსნით, პარლამენტის საქმიანობაზე პირდაპირი საზოგადოებრივი კონტროლი კიდევ უფრო უმჯობესდება. პოლიტიკით დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მარტივად შეძლონ ჩვენი საპარლამენტო ცხოვრების პერიპეტიებში გარკვევა და სათანადო დასკვნების უშუალო დაკვირვებით გამოტანა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, არაერთხელ აღინიშნა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი პოლარიზებულია.

„იმედს გამოვთქვამ, რომ ახალი არხი წვლილს შეიტანს პოლარიზაციის შემცირებაში, ვინაიდან მოქალაქეებს შეეძლებათ, პოლიტიკურ ინტერპრეტაციებს კი არ მიენდონ, არამედ საკუთარი თვალითა და ინტუიციით შეაფასონ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალების პოზიციები, სიტყვა და საქმე.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საზოგადოებრივ მაუწყებელს, მის სამეურვეო საბჭოს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ასევე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობას, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტს, რომელმაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად ეს იდეა ტექნიკურად განხორციელების შესაძლებლობასთან მიიყვანა და დღეიდან საქართველოს „პარლამენტის არხი“ უკვე ეთერში გავა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა. მემორანდუმის თანახმად, „პარლამენტის არხის“ ამოქმედებისა და ფუნქციონირების ტექნიკურ-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა მოხდება და დღეიდან საპარლამენტო ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაცია დაიწყება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი „პარლამენტის არხის“ ფუნქციონირების ტექნიკურ უზრუნველყოფას უსასყიდლოდ განახორციელებს.