შალვა პაპუაშვილი - აღმოჩნდა, რომ კორძაიას სასამართლოს მიმართ ნდობა აქვს, ეს ადასტურებს, რამდენად ფარისევლები არიან, როცა საუბრობენ სასამართლოს მიმართ ნდობის არარსებობაზე
შალვა პაპუაშვილი - აღმოჩნდა, რომ კორძაიას სასამართლოს მიმართ ნდობა აქვს, ეს ადასტურებს, რამდენად ფარისევლები არიან, როცა საუბრობენ სასამართლოს მიმართ ნდობის არარსებობაზე

ძალიან კარგია, სარჩელი რომ შეიტანა თამარ კორძაიამ, ვინაიდან ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ფარისევლები არიან ხოლმე ისინი, როდესაც საუბრობენ სასამართლოს მიმართ ნდობის არარსებობაზე, მეორე დღეს მიდიან და სასამართლოში თავად შეაქვთ სარჩელი, სწორედ იმ მოლოდინით, რომ მათი სასარგებლო გადაწყვეტილება შეიძლება იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, კორძაიას სარჩელი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიციაში როდესაც საუბრობენ სასამართლოზე, არ არიან გულწრფელი თავიანთ კრიტიკაში, ვინაიდან თავადვე მიმართავენ სწორედ იმ სასამართლოს, რომელზეც ამბობენ, რომ არ აქვთ არანაირი ნდობა.

„სულ მცირე, აღმოჩნდა, რომ ქალბატონ თამარ კორძაიას ნდობა ამ სასამართლოს მიმართ ნამდვილად აქვს და ამიტომაც მიმართა. სასამართლო გასცემს ამ საკითხს პასუხს. ჩემი პოზიცია ცნობილია და მოლოდინი, რომ იქნება სხვანაირი გადაწყვეტილება, არ მაქვს, ვინაიდან ეს გახლავთ დისკრეცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და ამ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ვმოქმედებ, როდესაც გავცემ ნებართვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლის. შარშან, როდესაც შედიოდნენ დეპუტატები მიხეილ სააკაშვილთან, ეს აბსოლუტურად აცდენილი იყო მთლიანად იმ მიზანს, რომლითაც შეიძლება, ეს უფლებამოსილება მიანიჭოს პარლამენტის თავმჯდომარემ, იქცა ჩვეულებრივ მონახულებად პატიმრისა და სხვა მიზეზებიც არაერთხელ განვმარტე, საიდან გამომდინარეც აღარ ვანიჭებ უფლებამოსილებას დეპუტატებს, რომ შევიდნენ მიხეილ სააკაშვილთან. რაც შეეხება იმ საკითხს, თითქოს დეპუტატების შესვლა მიხეილ სააკაშვილთან საჭიროა იმისთვის, რომ გაეცნონ მის პირობებს და გარკვეული მონიტორინგი განახორციელონ, ამასაც არანაირი საფუძველი არ აქვს, მას შემდეგ, რაც დეპუტატებზე მონახულების უფლებას არ გავცემ, გავიდა 125 დღე და ამ ხნის განმავლობაში მისი ადვოკატი 160-ჯერ იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილთან და ოჯახის წევრი 240-ჯერ. გარდა ამისა, ის მოინახულეს ომბუდსმენმა და მისმა წარმომადგენლებმა. ასე რომ, ყოველდღიურად რამდენიმე ვიზიტორი ჰყავს და საუბარი იმაზე, რომ საჭიროა დამატებითი საპარლამენტო კონტროლი და დეპუტატის მხრიდან პირობების გაცნობა, აცდენილია რეალობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თამარ კორძაიას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გასცდა ტექნიკურ ვალდებულებას და დეპუტატებს განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა უფლება, რომელიც გულისხმობს სპეციალური ნებართვის გარეშე ნებისმიერი პატიმრის მონახულებას.