შალვა პაპუაშვილი - აღარავინ აღარ ეკითხება არც პრეზიდენტ ზელენსკის, არც უკრაინის ხელისუფლებას, ვის დაიჭერენ, სად ჩაატარებენ ჩხრეკას, ვის გადააყენებენ, როდის დანიშნავენ არჩევნებს
ეს მართლაც მძიმე მდგომარეობაა უკრაინისთვის, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, იმ პირობებში, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ანდრეი ერმაკი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა, რასაც ძალიან მალევე მოჰყვა ზელენსკის კომენტარი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცვლილებები იქნება, ხომ არ მიაყენებს ზიანს ომის პირობებში მაღალი დონის კორუფცია სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ზოგადად, რას ნიშნავს და რა ტიპის გზავნილი არის ეს პარტნიორებისთვის?
„ეს ხომ არ არის რაღაც ერთი შემთხვევის საკითხი, არამედ ეს, ზოგადად, გვაჩვენებს უკრაინის დღევანდელ მდგომარეობას. უკრაინელი ხალხი, რომელიც იბრძვის სუვერენიტეტისთვის, აღმოჩნდა, რომ ამ ხალხის სუვერენიტეტი დაუთმეს სხვებს. ისინი იბრძვიან რუსეთისგან სუვენიტეტისთვის და, ამავე დროს, საკუთარი სუვერენიტეტი სხვებს დაუთმეს. დღეს აღარც უკრაინის ხელისუფლებას არავინ აღარ ეკითხება, ვის დაიჭერენ და ვის არ დაიჭერენ, სად ჩხრეკას ჩაატარებენ, სად არ ჩაატარებენ. შემთხვევითი არ არის, რომ ეს ის ნაბუ არის, ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი ზელენსკი გაუქმებას რომ უპირებდა და იქიდან რომ გაისმა ზარი შესაბამისი, ბრიუსელიდან და სხვა ზოგიერთი დედაქალაქიდან, რომ თითი არ დაედოს ნაბუს. როცა დასჭირდათ, ამ ნაბუთი, ვნახეთ კიდევაც, რა გააკეთეს. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მართულია. თქვენ რა, გგონიათ, არ იცოდნენ კორუფცია რანაირად იყო? ამაზე საუბარი არ იყო, იმ ფულზე, რომელიც მიდიოდა უკრაინაში? ამაზე საუბარი იყო, ახლა დასჭირდათ ამ მექანიზმის ამუშავება და იყენებენ ჩვეულებრივად. აღარავინ აღარ ეკითხება არც პრეზიდენტ ზელენსკის და არც უკრაინის ხელისუფლებას, ვის დაიჭერენ, სად ჩაატარებენ ჩხრეკას, ვის გაათავისუფლებენ, ვის გადააყენებენ, როდის დანიშნავენ არჩევნებს და ასე შემდეგ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამ შეთანხმების პუნქტებში პირდაპირ ხელს უწერენ იმას, რომ 100 დღეში ჩაატარონ არჩევნები.
„აღარ ეკითხება არც უკრაინელ ხალხს და არც უკრაინის ხელისუფლებას, ვინაიდან ისინი ჩაერთნენ ამ გეოპოლიტიკურ ჭიდილში პროქსად და ეს თქვა თავად ამერიკის სახელმწიფო მდივანმა; პროქსი ომში ჩაერთვნენ, როგორც პროქსი, როგორც, ასე ვთქვათ, სხვის მიერ მართული აქტორი და, შესაბამისად, როგორც ხდება ხოლმე პროქსის შემთხვევაში, როდესაც ის საჭირო აღარ არის ან რამე სხვა არის მისგან საჭირო, ასე აკეთებენ. ასე რომ, აქ არაფერ შუაში არ არის ერმაკი და ვხედავთ, პროცესები საითაც მიდის. როგორც ჩანს, საჭირო იყო გარკვეული გადაწყვეტილებები პერსონალურ საკითხზე. არავინ არაფერს არ ეკითხება უკრაინის ხელისუფლებას. მან სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში ასობით ათასი უკრაინელი გაწირა და ეს სუვერენიტეტი ერთი ფურცლით გადააბარა სხვებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, უკრაინაში და კიევში დღეს მართლაც ბომბების წვიმაა, რომელსაც ნინო ლომჯარია თბილისისთვის ნატრულობდა.
„უკრაინასა და კიევში დღეს მართლაც ბომბების წვიმა არის, ქალბატონი ლომჯარია თბილისისთვის რომ ნატრობდა. ერთი, რომ ბომბების წვიმაა, მეორე, ახლა არის მისული კულმინაციაში პროცესი შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების, პრეზიდენტის მრჩეველი ერმაკი იყო ერთ-ერთი მათ შორის, ის იყო ხელმძღვანელი მოლაპარაკების ჯგუფის, აი, ახლა, წინა დღეებში და ამ დროს, ახლა ნაბუს, ანტიკორუფციულ ბიუროს უცებ მოაფიქრდა, გამოძიება მიდის და მოდი, ახლა ხომ არ ჩავატაროთ პარასკევ დღეს ჩხრეკა, აი, ახლა, მოლაპარაკება რომ არის და იქნებ მშვიდობა იყოს უკრაინაში, შემთხვევით, ჩხრეკა ხომ არ ჩავატაროთ ამ ადამიანის ოფისშიო. ამ ყველაფერს ახლა ბავშვიც ხომ არ დაიჯერებს? ხომ ყველა ხვდება, რომ ეს არის ზუსტად დაკავშირებული ამ პროცესებთან, უკრაინის ომის დასრულებასთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი გადადგა. დღეს ანდრეი ერმაკის ოფისში ეროვნულმა ანტიკორფციულმა ბიურომ ჩხრეკა ჩაატარა. მისი თქმით, სამართალდამცველებთან თანამშრომლობს და ანტიკორუფციული ბიუროს ოფიცრებს „სახლზე სრული წვდომის უფლება“ მისცა.